- „ეს არ არის ჩემი არჩევანი! არასოდეს მითხოვია, ვინმეს სახლიდან წავეყვანე! ჩემი…ოჯახისგან. ვერ მიხვდები, რას ნიშნავს ეს.“
„ნეტავ, ნამდვილად არასოდეს მეფიქრა ამაზე…მაგრამ ვფიქრობ.“ - ―პლუმა სოდი და ასაჟ ვენტრესი
ასაჟ ვენტრესი იყო მდედრობითი სქესის დათომირელი, რომელიც, სხვადასხვა დროს, იყო მონა, პადავანი ჯედაი, სითების მიერ დაქირავებული ლიკვიდატორ, ღამის და და ჯილდოზე მონადირე. იგი დაიბადა გალაქტიკური რესპუბლიკის არსებობის უკანასკნელ ათწლეულებში, პლანეტა დათომირზე, ძალისადმი მგრძნობიარე ალქაჯი ღამის დების კლანში, რომელსაც მეთაურობდა დედა ტელზინი. ცხოვრების ადრეულ წლებში მისმა ოჯახმა ვენტრესი იძულებით გადასცა ჰელ'სტედს, რომელმაც ასაჟი ომებით გახლეჩილ პლანეტა რატატაკზე წაიყვანა და გოგონა მსახურად აღზარდა. როდესაც ვიკუეი მეკობრეებმა მისი ბატონი მოკლეს, ასაჟი დაობლდა, თუმცა მოგვიანებით იგი იპოვა რაინდმა ჯედაიმ, კაი ნარეკმა, რომელიც რატატაკზე ბრძოლისას დაიკარგა.
ნარეკმა ვენტრესი ჯედაების ორდენის წესებით ძალის გამოყენება შეასწავლა. ერთად ისინი იცავდნენ რატატაკის მოსახლეობას და იგერიებდნენ მეკობრეებისა თუ მხედართმთავრების თავდასხმებს. ადგილობრივ ხალხს ასაჟი დაახლოებით ათი წელი ეხმარებოდა, შემდეგ კი კვლავ დაობლდა, როდესაც ნარეკი მეკობრეებმა მოკლეს. მასწავლებლის დაკარგვით განრისხებულმა ვენტრესმა ძალის ბნელი მხარე მიიღო, გაანადგურა ყველა ადგილობრივი მხედართმთავარი და მათი ადგილი დაიკავა. საბოლოო მას მიაგნო სითმა ლორდმა, გრაფმა დუკუმ, რომელმაც იგი ბნელ აკოლიტად და საკუთარ შეგირდად აიყვანა.
როდესაც წარმოიშვა გალაქტიკური რესპუბლიკის და დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციის გალაქტიკური კონფლიქტი, კლონების ომები, ვენტრესი დუკუს სეპარატისტული დროიდების შეიარაღებული ძალების მეთაური და ლიკვიდატორი გახდა. ამ პერიოდში იგი ხშირად ეჯახებოდა ჯედაების ორდენს და ცნობილი იყო უნარებით და რესპუბლიკის მიმართ სისასტიკით. ბრძოლისას იგი ხშირად ხვდებოდა ოსტატ ჯედაი ობი-ვან კენობის და რაინდ ჯედაი ანაკინ სკაიუოკერს, რესპუბლიკის გმირებს, რომლებსაც ხშირად ავალებდნენ ასაჟთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებას. მართალია, მეტად ნიჭიერი იყო და წარმატებით გაიტაცა ჰატი როტა, გადაარჩინა ნუტ განრეი და შეიჭრა კამინოზე, იგი თავის მცდელობებში ხშირად ეჯიბრებოდა კონფედერაციის სამხედრო წინამძღოლს, გენერალ გრივუსს.
ომის მიმდინარეობასთან ერთად დუკუს ბატონი, დართ სიდიუსი, შეწუხდა ვენტრესის ძალასთან დაკავშირებული მზარდი ძლევამოსილებით და კონფედერაციის ხელმძღვანელს მისდამი ერთგულების დასამტკიცებლად უბრძანა ასაჟის განადგურება. დუკუმ სალასტის ბრძოლის დროს უღალატა მსახურს, მიატოვა და მისი მოკვლა თავად ასაჟის გარემოცვას უბრძანა. მიტოვებული ვენტრესი გადარჩა და დაბრუნდა დათომირზე, სადაც თავშესაფარი იპოვა და შურისძიებისთვის ემზადებოდა. დედა ტელზინმა და ალქაჯებმა იგი საკუთარ წრეში მიიღეს და დუკუს მოკვლა ერთად დაგეგმეს. მისი განადგურების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მათ გადაწყვიტეს, მასთნ შეეგზავნათ საკუთარი პაიკი, რომელიც დუკუს მოემსახურებოდა როგორც ლიკვიდატორი და შეგირდი.
ამ მიზნით ვენტრესმა აირჩია ზაბრაკი ღამის ძმა სავაჟ ოპრესი. ეს გეგმა ასევე ჩაიშალა, როდესაც ოპრესმა უღალატა როგორც ვენტრესს, ასევე დუკუს და ორივე კინაღამ მოკლა. გადაწყვიტა რა სრულიად ახალი ცხოვრების წამოწყება, ვენტრესი დაუბრუნდა დათომირს, შეუერთდა კლანს და სცადა შურისძიების დავიწყება. მაგრამ დუკუმ თავად იძია შური ღამის დებზე. მისი დავალებით გრივუსი და მისი დროიდების ჯარი დათომირზე ჩავიდნენ და დახოცეს დათომირელი ალქაჯები. დედა ტელზინი და ვენტრესი ამ შეტაკებას სხვა რამდენიმე ალქაჯთან ერთად გადაურჩნენ და იძულებულნი იყვნენ, ცალ-ცალკე გაქცეულიყვნენ, რათა დუკუს რისხვა თავიდან აეცილებინათ.
ოჯახის დაკარგვის შემდეგ ვენტრესი დამწუხრებული იყო და გალაქტიკაში ხეტიალისას ცდილობდა, ახალი საქმიანობა წამოეწყო. საბოლოოდ იგი ჯილდოზე მონადირე გახდა და ამ საქმიანობით დიდი წარმატება მოიპოვა. დავალებების შესრულებისას მას მოულოდნელი მოკავშირეები გამოუჩნდნენ — მისი ძალისხმევით სით ლორდ მოლისგან გადარჩენილი ობი-ვან კენობი, სავაჟ ოპრესი და ასოკა ტანო, რომელიც დაადანაშაულეს ჯედაების ტაძარში მომხდარ დაბომბვაში.
კლონების ომების მიწურულს ვენტრესმა გაიცნო კვინლან ვოსი, ოსტატი ჯედაი, რომელსაც ომის მიწურულს დუკუს მოკვლა დაავალეს. ვოსი ასაჟს შეუერთდა როგორც ჯილდოზე მონადირე, მაგრამ შემდგომში, როდესაც მათ ერთმანეთი შეუყვარდათ, ნამდვილი ვინაობა და მიზნები გაუმხილა. ვენტრესმა მას დუკუსთან შეტაკებისთვის მომზადებისას ღამის დების წეს-ჩვეულებები და ბნელი მხარის პრინციპები შეასწავლა, მაგრამ მცდელობა ჩაიშალა და, როდესაც დუკუ დააპატიმრეს, ვენტრესმა თავს გაქცევით უშველა. საბოლოოდ მან იპოვა კენობი და სკაიუოკერი, რათა გადაერჩინათ ვოსი, მაგრამ ამასობაში, დუკუს მიერ ერთთვიანი წამებისას, ჯედაი ბნელ მხარეს მოექცა.
მართალია, ვენტრესმა იგრძნო, რომ ვოსი ბნელ მხარეს გადავიდა, თვად კვინლანს არ სწამდა ამის. ჯედაების საბჭომ ვენტრესი გრაფის მოსაკლავად გააგზავნა. იგი ვოსს შეუერთდა საბოლოო მისიისას, მაგრამ მოულოდნელად ვოსი მთლიანად ბნელმა მხარემ შთანთქა. ვენტრესი ვოსს და დუკუს დაეხმარა ჯედაებისგან გაქცევისას, მაგრამ ბნელ მხარეზე დაბრუნება აღარ სურდა. მან თავი გასწირა როდესაც დუკუმ სცადა ვოსის ძალის ელვით მოკვლა, შეაკავა რა ელვა და აიღო მისი დარტყმა საკუთარ თავზე. ვენტრესის ამ ნაბიჯის შემდეგ ვოსმა ბნელი მხარე დატოვა, ხოლო ასაჟი ჯედაების საბჭომ პატივით დაკრძალა — დათომირზე, კლანის სოფლის მდინარეში. თუმცა, მოგვიანებით, იმპერიულ ეპოქაში ასაჟი შეხვდა კლონების რაზმ 99-ს.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები — კრიზისი კორუსანტზე (მოგონებებიდან)
- Jedi Training Academy
- LEGO Star Wars: The Force Awakens (DLC)
- LEGO Star Wars: The Skywalker Saga (DLC)
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 ასაჟ ვენტრესი Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: პერსონაჟების ენციკლოპედია: შეუერთდი ბრძოლას! უთითებს, რომ ასაჟ ვენტრესი დათომირზე დაიბადა ახალი იმედის მოვლენებამდე 50 წლით ადრე. ამ ფილმის მოვლენები, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, ვითარდება იავინის ბრძოლამდე 0 წელს. ამრიგად, ვენტრესის დაბადების წელია 50 იბ.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — ღამის დები
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 ბნელი მიმდევარი
- ↑ ნაცვალსახელები, რომლითაც პერსონაჟი ნახსენებია ინგლისურენოვან მასალებში.
- ↑ ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — საზღაური