- „ყოველ საგას აქვს დასაბამი...“
- ―აღწერა
ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა (სხვა ვარიანტში: ფარული საფრთხე) არის 1999 წლის ფილმი, გადაღებული ჯორჯ ლუკასის მიერ, მისივე სცენარის მიხედვით. ფილმის პროდიუსერია რიკ მაკკალუმი. მთავარ როლებს ასრულებენ ლიამ ნისონი, იუან მაკგრეგორი, ნატალი პორტმანი, ჯეიკ ლოიდი და იენ მაკდერმიდი. ეს არის რიგით პირველი ფილმი ვარსკვლავური ომების პრიკველების ტრილოგიაში.
სიუჟეტი აღწერს ანაკინ სკაიუოკერის ბავშვობის ეპიზოდებს, კერძოდ — მისი მონობიდან გათავისუფლებას და ჯედაების პადავანის გზის დასაწყისს.
ფილმის გამოსვლას ახლდა აქტიური სარეკლამო კამპანია. მიუხედავად მაყურებლების არაერთგვაროვანი შეფასებების, მისმა შემოსავალმა შეადგინა 924 მილიონ აშშ დოლარამდე. 2011 წელს იგი გამოვიდა Blu-ray-ზე, ხოლო 2012 წელს კინოთეატრებში გამოვიდა სპეციალური 3D ვერსია (ამის შემდეგ ამ და ორიგინალური ტრილოგიის სხვა ფილმები 3D ფორმატში არ გამოსულა).
შესავალი ტიტრი[]
ეპიზოდი I ᲤᲐᲠᲣᲚᲘ ᲛᲣᲥᲐᲠᲐ |
---|
შინაარსი[]
წარუმატებელი მოლაპარაკებები[]

დედოფალი ამიდალა ესაუბრება ვიცემეფე ნუტ განრეის.
ახალი იმედის მოვლენებამდე 32 წლით ადრე სავაჭრო ფედერაციასა და გალაქტიკურ რესპუბლიკას შორის სუფევს უთანხმოება, რომელიც გადაიზრდება პლანეტა ნაბუს ბლოკადაში. უზენაესი კანცლერი ფინის ვალორუმი, გალაქტიკური სენატის თავმჯდომარე, ორ ჯედაის, კვაი-გონ ჯინსა და მის პადავან ობი-ვან კენობის, საიდუმლოდ აგზავნის ფედერაციის ფლაგმანზე, ვიცემეფე ნუტ განრეისთან მოსალაპარაკებლად. თუმცა, მათგან მალულად, სავაჭრო ფედერაცია შეკრულია დართ სიდიუსთან, სითების ბნელ ბატონთან, რომელიც განრეის უბრძანებს, განახორციელოს შეჭრა ნაბუზე და მოკლას ორივე ჯედაი. განრეი ეკითხება, არის თუ არა ეს ნებადართული ქმედება და სიდიუსი პასუხობს, რომ იზრუნებს იმაზე, რომ შეჭრა ნებადართული იყოს.
მხუთავი აირის მეშვეობით ვიცემეფე წარუმატებლად ცდილობს ჯედაების მოწამლვას. მრავალ დროიდთან ბრძოლის შემდეგ ისინი შედიან ნაკვეთურში, რომელშიც ნუტი იმყოფება, მაგრამ იძულებულები არიან, გაიქცნენ, ვინაიდან მათ უკვე გამანადგურებელი დროიდები უპირისპირდებიან. მათი ხომალდი, „ბრწყინვალე VII“, ნადგურდება. ჯედაები სხდებიან ფედერაციის სადესანტო გემზე და სხდებიან ნაბუზე.
დედოფალი ამიდალა უკავშირდება განრეის და გამოხატავს ნაბუს ბლოკადით უკმაყოფილებას. განრეი განმარტავს, რომ ეს ნაბიჯი სენატის გადაწყვეტილებით მიიღეს. როდესაც დედოფალი ეკითხება მივლენილი ელჩების შესახებ, განრეი აცხადებს, რომ მათთან არავინ მისულა. ამიდალასთან საუბრის შემდეგ, იგი გასცემს განკარგულებას, გამორთონ პლანეტაზე არსებული ყველაზე დამაკავშირებელი საშუალება — იმ შემთხვევისთვის, თუ ამიდალა შეიტყობს შეჭრის შესახებ.
ამიდალა სენატორ შივ პალპატინს ესაუბრება ახლახანს განხორციელებული მოლაპარაკებების მცდელობის შესახებ, მაგრამ პალპატინი არწმუნებს, რომ განრეისგან მიიღო ინფორმაცია ელჩების ფლაგმანზე გამოჩენის შესახებ. მაგრამ იგი ვერ ასრულებს თავის სიტყვას, ვინაიდან ჰოლოგრამა ქრება. ნაბუს გუბერნატორი სიო ბიბლი გამოხატავს ვარაუდს, რომ დამაკავშირებელი საშუალებების გათიშვა სავაჭრო ფედერაციის მხრიდან გარდაუვალი შემოჭრის ნიშანია.
ახალი მეგობრები[]

ობი ვანი, ჯარ-ჯარი და კვაი-გონი.
პლანეტაზე მოხვედრის შემდეგ კვაი-გონი სატრანსპორტო ხომალდის ქვეშ მოყოლისგან გადაარჩენს ადგილობრივ მკვიდრს, განდევნილ ჯა ჯა ბინკსს. მოგვიანებით მათ თავს ესხმიან ერთადგილიანი საჰაერო პლატფორმები და, სავაჭრო ფედერაციის ჯარისგან თავის დასაღწევად, ბინკსს ისინი მიჰყავს განგანების დასახლებაში, წყალქვეშა ოტო-განგაში. ფედერაცია ამასობაში ნაბუს იპყრობს და დედოფალს იჭერს. ჯედაები ხვდებიან განგანების მეთაურ ბოს ნასს და სთხოვენ ნაბუთა დახმარებას. ნასი უარს ამბობს სამხედრო ჩარევაზე, თუმცა გადასცემს წყალქვეშა ბონგოს და, მათივე დაჟინებით, ბინკსსაც თან აყოლებს. მართალია, გზად ხვდებათ დაბრკოლება ზღვის მკვლელ ოპისა და კოლო ბრჭყალა თევზის სახით, ორივეს ყლაპავს წყლის მონსტრი სანდო. ჯედაები, ჯა ჯასთან ერთად, თიდში, ნაბუს დედაქალაში ამოყვინთავენ და ამიდალას გადაარჩენენ სავაჭრო თავდაცვის ძალებისგან. ერთად ისინი მიემართებია კორუსანტისკენ, რესპუბლიკის დედაქალაქისკენ, რათა ითხოვონ სენატის დახმარება. ასტრომექანიკოსი დროიდი R2-D2 გზად შეაკეთებს დედოფლის ხომალდს და მგზავრები ძლივს გადაურჩებიან ფედერაციის სახაზო ხომალდებს.
ამ მოგზაურობისას ხომალდის ჰიპერძრავის დაზიანების გამო ისინი ეშვებიან ტატუინზე, უდაბნოებით დაფარულ პლანეტაზე. ჰიპერძრავის ახალი გენერატორის ძიებისას ისინი გაიცნობენ ანაკინ სკაიუოკერს, მონა ბიჭუნას, რომლის პატრონია უოტო, ტოიდარიელი მეძველმანე. იგი ფლობს მათთვის გამოსადეგ ნაწილებს, მაგრამ კვაი-გონი მათ ვერ ყიდულობს, ვინაიდან რესპუბლიკის კრედიტებს ტატუინზე ძალა არ აქვთ.
რბოლა[]

ანაკინი რბოლისას.
აღმოჩნდება, რომ ანაკინი ნიჭიერი პილოტია და მექანიკოსის შესანიშნავი თვისებებიც აქვს. მას უკვე აწყობილი ჰყავს საკუთარი დროიდი C-3PO. კვაი-გონი გრძნობს ბიჭუნაში ძალის ძლიერ კონცენტრირებას და მიაჩნია, რომ, შესაძლოა, იგი რჩეული იყოს — ის, ვინც ძალაში წონასწორობას შეიტანს. ანაკინი თავად გამოხატავს სურვილს, მიიღოს მონაწილეობა პოდრბოლაში. კვაი-გონი უოტოს უთანხმდება, რომ ბიჭუნას გამარჯვების შემთხვევაში, ისინი მიიღებენ ჰიპერძრავას და ბიჭუნაც მონობიდან გათავისუფლებული იქნება. რბოლის წინა ღამით იგი იღებს ბიჭუნას სისხლის ნიმუშს, ობი-ვანს უგზავნის და დაადგენს, რომ ანაკინის სისხლში მიდიქლორიანების ძლიერი კონცენტრირებაა.
ანაკინი, მიუხედავად გაიძვერა სებულბას, კიდევ ერთი მონაწილის ჩარევის მცდელობებისა, იმარჯვებს რბოლაში. აღმოჩნდება, რომ დედა, შმი — ასევე მონა — მასთან ერთად ვერ გაემგზავრება. ბიჭუნა, სხვებთან ერთად, ხომალდისკენ მიემართება, მაგრამ, სანამ დასხდებიან, კვაი-გონსა და ობი-ვანს თავს ესხმის დართ მოლი, სიდიუსის შეგირდი, რომელსაც დავალებული აქვს მათი მოკვლა და დედოფლის დაჭერა. დაპირისპირების შემდეგ კვაი-გონი ხტება ხომალდზე ასასვლელ ხიდზე და პლანეტას სხვებთან ერთად ტოვებს.
კორუსანტი და ბრძოლა ნაბუზე[]

ჯედაების დაბრუნება კორუსანტზე და შეხვედრა პალპატინთან.
კორუსანტზე კვაი-გონი ჯედაების საბჭოს ამცნობს იდუმალი თავდამსხმელის შესახებ. ვინაიდან აშკარაა, რომ იგი ჯედაების ხელოვნებას ფლობს, საბჭოს მიაჩნია, რომ ეს არის სითების, ძალის ბნელი მხარის ერთგული უძველესი რელიგიური ორდენის დაბრუნების მანიშნებელი. ჯინი საბჭოს აგრეთვე წარუდგენს ანაკინს. მას შემდეგ, რაც მას გამოცდას უტარებენ, ჯედაები უარს ამბობენ მის აღზრდაზე, მიაჩნიათ რა, რომ იგი ჯედაების კოდექსის შესასწავლად უკვე საკმაოდ დიდია. ისინი მასში აგრეთვე ბუნდოვან მომავალსა და შიშს გრძნობენ.
სენატორი პალპატინი, სენატში არსებულ კორუფციაზე საუბრისას, ამიდალას მიმართავს რჩევით, გამოუცხადოს კანცლერ ფინის ვალორუმს უნდობლობის ვოტუმი. ხედავს რა, რომ არჩევანი არ არის, დედოფალი სენატში გამოსვლისას ამ რჩევას ითვალისწინებს. უზენაესი კანცლერის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად პალპატინიც განიხილება. დედოფალი მოგვიანებით მას ეუბნება, რომ პლანეტაზე დაბრუნდება, რათა თავად გაათავისუფლოს საკუთარი ხალხი ოკუპაციისგან. იგი გაოგნებულია სენატის მხრიდან სიფრთხილით და უმოქმედობით და მიაჩნია, რომ პალპატინის კანცლერად არჩევის შემთხვევაშიც კი უკვე გვიანი იქნება. ჯედაების საბჭო მას ნაბუზე თან აყოლებს ჯინსა და კენობის, იმ იმედით, რომ სითების მონაწილეობის შესახებ რამე ცნობასაც მოიპოვებენ.
ნაბუზე დაბრუნებული ამიდალა ცდილობს ოტო-განგაში განგანების პოვნას, მაგრამ ჯა ჯა ატყობინებს, რომ ქალაქი მიტოვებულია. მას დედოფალი და მისი თანმხლებები მიჰყავს განგანებისთვის წმინდა ადგილზე, სადაც თავისიანები ეგულება. იქ მოხვედრისთანავე ამიდალა ბოს ნასს სთხოვს სავაჭრო ფედერაციის წინააღმდეგ სამხედრო ალიანსის შექმნას. კაპიტანი პანაკა და უსაფრთხოების ძალები აგრეთვე მიემგზავრებიან სავაჭრო ფედერაციის ბანაკებში დამწყვდეულთა გასათავისუფლებლად, თუმცა წარმატებით მხოლოდ რამდენიმე მათგანი გამოჰყავთ.
დედოფალი ჯედაებსა და ნასს საკუთარ სტრატეგიაზე უამბობს: განგანების დიდი ჯარი მიიქცევს ფედერაციის ძალების ყურადღება, ხოლო თავად, კვაი-გონთან და ობი-ვანთან ერთად, ერთ-ერთ ჩანჩქერში არსებული საიდუმლო შესასვლელით, შეიჭრება თიდში. ნუტ განრეი ამასობაში შეიტყობს განგანების შემოსვლის შესახებ და სიდიუსს ამის შესახებ ესაუბრება. უკანასკნელი ბრძანებს განგანების ლაშქრის განადგურებას.
კაპიტანი რუს ტარპალსი გასცემს დამცავი ფარის ჩართვის ბრძანებას. OOM-9-ის ბრძანებით ტანკები პირველ გასროლას ახორციელებენ, თუმცა ფარის გამო — წარუმატებლად. დოლტეი დოფინის განკარგულებით ბრძოლას უერთდებიან საბრძოლო დროიდები, რომლებიც ფარში შედიან და გენერატორსაც ანადგურებენ. გარკვეული დროის შემდეგ ალიანსი ძალები შესუსტებულია.
გამარჯვება მოულოდნელად მათ მხარეს შემობრუნდება, როდესაც ანაკინი შემთხვევით ჯდება ვარსკვლავურ გამანადგურებელ N-1-ში და ფედერაციის კუთვნილ დროიდების სამართავ ხომალდს შიგნიდან ანადგურებს, მასთან ერთად კი — დოფინსაც, რის შემდეგაც დროიდების არმიის ყველა მონაწილეც ავტომატურად ითიშება. ამიდალა და მისი ძალები ამასობაში თიდის სამეფო სასახლეში იბრძვიან და ნუტ განრეის იჭერენ.

კვაი-გონისა და ობი-ვანის ბრძოლა დართ მოლთან ნაბუზე.
ამ დროს თიდის ანგარში დართ მოლი ებრძვის ორივე ჯედაის ორპირიანი სინათლის მახვილით. ბრძოლა ინაცვლებს თიდის გენერატორის კომპლექსში. ობი-ვანი მასწავლებლისგან შორს აღმოჩნდება, მაგრამ მალევე კვლავ უბრუნდება მას, თუმცა შემდეგ მათ შორის ენერგოველი აღმოჩნდება. სანამ კენობი ვერ აღწევს ჯინამდე, მოლი კლავს ჯედაის, მაგრამ ობი-ვანი აორმაგებს ძალას. სითი მას თითქმის ამარცხებს, აგდებს რა რეაქტორის შახტში და შორს მოისვრის მის ხმალსაც. მაგრამ ობი-ვანი, დამშვიდებული, ხტება შახტიდან, ძალით იზიდავს მასწავლებლის კუთვნილ ხმალს და გაოგნებულ მოლს ორად კვეთს. სხეულის ორივე ნაწილი შახტში ეცემა.
აღსასრულამდე, კვაი-გონი ობი-ვანს მიმართავს თხოვნით, ანაკინს ჯედაების ხელოვნება შეასწავლოს, ვინაიდან მიაჩნია, რომ იგი რჩეულია. ობი-ვანი ჰპირდება, რომ ასეც მოიქცევა.
პალპატინი, როგორც კანცლერი, თიდზე ჩადის და ამიდალას გამარჯვებას ულოცავს, ხოლო განრეი გასასამართლებლად მიჰყავთ.
სამგლოვიარო კოცონი და ზეიმი[]

განგანები და ნაბუები აღნიშნავენ ერთობლივ გამარჯვებას.
კორუსანტზე ჯედაების საბჭო ობი-ვანს რაინდ ჯედაის წოდებას ანიჭებს. იგი იოდას გადასცემს კვაი-გონის თხოვნას. იოდა უფლებას აძლევს, გახდეს ანაკინის მასწავლებელი.
ჯინის ცხედრის კრემაციისას მეის უინდუ და იოდა თანხმდებიან, რომ ტრაგედია სითების გამო გატრიალდა. ვინაიდან ყოველთვის მხოლოდ ორია — მასწავლებელი და შეგირდი, ჩანს, რომ ერთ-ერთი მათგანი სადღაც არსებობს.
ნაბუები და განგანები თიდის ქუჩებში ერთობლივ ცერემონიას მართავენ და გამარჯვებას აღნიშნავენ. ღონისძიებას ესწრებიან ობი-ვანი და ანაკინიც, რომელიც უკვე ჯედაის სამოსს ატარებს, ისევე, როგორც ნაწნავს, რომელიც პადავანი ჯედაის ნიშანია. დედოფალი ამიდალა ბოს ნასსა და განგანებს გადასცემს პატივისცემისა და მეგობრობის სიმბოლოს.
შემუშავება[]
პრიკველების ტრილოგიის სამივე ფილმის გადაღება დაგეგმილი იყო ერთდროულად. მათი გამოშვებაც იგეგმებოდა ერთმანეთის მიყოლებით.[5]
სცენარის პირველი ვარიანტის შემუშავება დაიწყო 1994 წლის 1 ნოემბერს. რეჟისორის სკამი შესთავაზეს სტივენ სპილბერგს, რონ ჰოვარდსა და რობერტ ზემეკისს. ჰოვარდის თანახმად, ლუკასი არ აპირებდა რეჟისორის ადგილის დაკავებას. სამივე აღნიშნულმა რეჟისორმა, საბოლოოდ, უარი თქვა საპასუხისმგებლო საქმეზე, მიაჩნდა რა, რომ ფილმი იყო ლუკასის „შვილი“.[6]
ფილმის ბიუჯეტმა შეადგინა 115 მილიონი აშშ დოლარი. გადაღება 1997 წლის 26 ივნისიდან 30 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. ისევე, როგორც ახალი იმედის შემთხვევაში, პირველი ეპიზოდის სცენების ნაწილი ტუნისში გადაიღეს. პოდრბოლის სცენებისთვის გამოიყენეს კანიონი, მდებარე სიდი ბაჰალთან და უნგ ჯმელთან. ამ უკანასკნელთან ახლოს ააგეს მოს ესპას დეკორაციები. მონების საცხოვრებელი კვარტლების სცენები გადაიღეს ტატავინთან და კსარ მედენინთან მდებარე კსარებთან. მცირე სცენები გადაიღეს იტალიაში, კაზერტის სამეფო სასახლეში და ბრიტანეთში, უიპენდელის ტყეში. სტუდიური სამუშაო მიმდინარეობდა ლონდონში, Leavesden Studios-ში.
განსხვავებით შემდეგი ორი ფილმისგან, რომლებიც გადაიღეს ციფრული ვიდეოკამერებით, ამ ფილმის დიდი ნაწილი გადაღებულია 35-იან ფირზე, ხოლო ციფრულად მხოლოდ რამდენიმე სცენა მომზადდა.
ფარული მუქარა საგის პირველი ფილმია, რომელსაც პრესამ და თაყვანისმცემლებმა სახელწოდებაში სიტყვა „ეპიზოდი“ დაამატეს, რათა განესხვავებინათ იგი უკვე არსებული ტრილოგიისგან. ამით წინა ფილმების შესავალში ნაჩვენები ეპიზოდების ნუმერაციაც ლოგიკური გახდა.
გამოშვება[]

ფილმის ალტერნატიული პოსტერი.
ფარული მუქარა 16 წლის შემდეგ გამოსული საგის პირველი ფილმი იყო. ამიტომ ინტერესი მოყვარულთა და ზოგადად, საზოგადოების მხრიდან, დიდი იყო. პრესაში ფილმთან დაკავშირებით ნამდვილი ეიფორია იგრძნობოდა. ამ ფონზე Lucasfilm-ის 20 მილიონი აშშ დოლარის ბიუჯეტიანი სარეკლამო კამპანია, რომლის ფარგლებში დრიუ სტრუზენის მიერ შექმნილი პოსტერი ვრცელდებოდა, ოდნავ უადგილოც კი ჩანდა, ვინაიდან ფილმს წარმატება ისედაც გარანტირებული ჰქონდა, რაც ფრანშიზის ისტორიაშიც გამაოგნებელი შედეგი იყო. შემდგომში ცნობილი გახდა ისიც, რომ ფილმის გამოსვლის დღეს სამუშაოზე არ გამოცხადდა 2.2 მილიონამდე თანამშრომელი, რის გამოც შესაბამისი კომპანიების ფინანსურმა ზარალმა 293 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. საპრემიერო ჩვენებების გამო ზოგიერთმა კომპანიამ დასვენების დღეც გამოაცხადა.[6] აღსანიშნავია, რომ მოყვარულების დიდმა ნაწილმა ადგილები კინოთეატრებთან დაიკავა ბილეთების გაყიდვის დაწყებამდე თვეებით ადრე.[7]
საქონელი[]
საუნდტრეკი[]
ფილმთან ერთად გამოვიდა ორი სხვადასხვა საუნდტრეკი. პირველი, სტანდარტული, შეიცავდა 17 კომპოზიციას. მეორე, სრული საკოლექციო გამოცემა, შედგება 68 კომპოზიციისგან, რომელთა შორის არის ისეთების, რომლებიც ფილმში არ მოხვედრილა.
გარდა მთავარი თემისა, გამორჩეულია ახალი თემებიც — Droid Invasion Theme, Anakin's Theme და Duel of the Fates.
ფილმის საბოლოო ტიტრების დროს ჟღერს ანაკინის თემა, მაგრამ თავად ფილმის უკანასკნელ წამებში მას უერთდება იმპერიული მარში. THX-ის ლოგოს ეკრანზე გამოჩენის დროს სამჯერ ისმის ვეიდერის სუნთქვა.
რომანი[]

რომანის ერთ-ერთი გარეკანი, მაგარი ყდა.
ფილმის თანმხლები ოფიციალური რომანის ავტორია ტერი ბრუქსი. წიგნი შეიცავს მის სპეციალურად წიგნისთვის დამატებულ სამ თავს. პირველი ორი თავი აღწერს ანაკინის ბოლოს წინა პოდრბოლას და მის შედეგს, ხოლო მესამე — უდაბნოში ანაკინისა და დაჭრილი ტასკენის შეხვედრას.
წიგნზე მუშაობამდე ბრუკსი ლუკასს შეხვდა და მისგან მიიღო ნებართვა და მითითებები, მათ შორის, იმ დეტალებზე, რომლებიც კლონების შეტევაში და სითების შურისძიებაში უნდა ეჩვენებინათ. ეს ნათლად ჩანს ისეთ მონაკვეთებში, როგორიც არის შეხვედრა ტასკენი მოთარეშეებისნ, რაც ირონიულად უკავშირდება მეორე ეპიზოდში ტასკენი მოთარეშეების გამო ანაკინის დედის დაღუპვას. აგრეთვე აღწერილია ანაკინის ჩხუბი როდიან გრიდოსთან, რაც ხაზს უსვამს, რომ ბიჭუნაში მრისხანება მომდინარეობს ჯერ იმ დროიდან, როდესაც პადმესთან დააშორეს.
რომანში გამორჩეულად აღსანიშნავია მონაკვეთი სითების აღწერით, განსაკუთრებით — დართ ბეინის ისტორიით. ბრუქსის მემუარების წიგნი ხოლმე ჯადოქრობა მოქმედებს აღნიშნავს, რომ ლუკასი მას ერთი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა და განიხილავდა ჯედაებისა და სითების სამყაროს. ამრიგად, წიგნში მოყვანილი ინფორმაციაც, შესაძლოა, სწორედ ლუკასთან საუბრიდან წარმოიშვა. ამ რომანში აგრეთვე პირველად არის ნახსენები სტარკის ჰიპერსივრცული ომი.
ხოლმე ჯადოქრობა მოქმედებს აგრეთვე შეიცავს მთლიან თავს, რომელიც აღწერს ფარული მუქარის წერის პროცესს, რომელსაც უწოდებს უაღრესად სასიამოვნო მოვლენას.
ვიდეოგამოცემები[]
ფილმი თავდაპირველად გამოიცა VHS-ზე, 2000 წელს. არსებობდა ჩვეულებრივი ფართოეკრანიანი ვარიანტი და საკოლექციო კომპლექტი ამ ფართოეკრანიანი ვერსიით. VHS-ზე აგრეთვე წარმოდგენილია ექსკლუზიური დოკუმენტური ფილმი „ფილმის წარმოება შეიცვალა“. საკოლექციო გამოცემაში შეტანილია წიგნის ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა: მხატვრობა ამონარიდები და თავად ფილმის კადრები ფირის ნაწყვეტების სახით.
DVD-ზე ფილმი გამოვიდა 2001 წელს და იყო ვარსკვლავური ომების პირველი ფილმი ასეთ ფორმატში.
DVD შეიცავს ლუკასის, პროდიუსერ რიკ მაკკალუმის, მემონტაჟე ბენ ბერტის, დამდგმელ ანიმატორ რობ კოლმენის და ვიზუალური ეფექტების ზედამხედველების, ჯონ ნოლის, დენის მარენის და სკოტ სკუაირზის კომენტარებს. დამატებითი სცენების სახით წარმოდგენილია სპეციალურად DVD-ზე შესატანად დასრულებული შვიდი წაშლილი სცენა და დასაწყისი: I ეპიზოდის შექმნა, ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი, შედგენილი 600 საათიანი მასალის მიხედვით. ეს არის Lucasfilm-ის და ILM-ის მუშაობის დეტალები. მაყურებელს შეუძლია სხვადასხვა რაკურსიდან დააკვირდეს კადრირების-ანიმატიკის-ფილმის ადაპტირების პროცესს — სცენებს წყალქვეშა ნავით და პოდრბოლის პირველი წრის გავლით. DVD აგრეთვე შეიცავს ორ დოკუმენტურ ვიდეოს, ხუთ რგოლს სიუჟეტის, დიზაინის, კოსტიუმების, ვიზუალური ეფექტებისა და საბრძოლო სცენების შესახებ, ისევე, როგორც ჯილდოს მფლობელ თორმეტნაწილიან დოკუმენტურ სერიას, რომელიც აღწერს ფილმის წარმოებას. აგრეთვე შეტანილია მუსიკალური ვიდეო Duel of the Fates, ჯონ უილიამსის მონაწილეობით. დამატებით წარმოდგენილია ფოტოგალერეა მანამდე უცნობი წარმოების ამსახველი ფოტოსურათებით, აგრეთვე პოსტერებით და მთელი მსოფლიოდან თავმოყრილი სხვა გრაფიკული მასალით, კინოთეატრებში წარმოდგენილი წინასწარი და საბოლოო რგოლები, შვიდი ტელერგოლი, LucasArts-ის ვიდეო Star Wars: Starfighter — თამაშის შექმნა და DVD-ROM-ფუნქცია — ბმული ვარსკვლავური ომების ექსკლუზიურ მასალებზე.
DVD გამოშვება აშშ-ში ოდესმე გაყიდულ DVD-ებს შორის ლიდერობდა — პირველ კვირაში უკვე გაყიდული 2.2 მილიონი ასლით.[8] მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მიმომხილველი აკრიტიკებდა ამ გამოცემას გამოსახულების ხარისხის დაკლების გამო.[9]
სითების შურისძიების DVD-ის გამოსვლასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე პრიკველების ტრილოგიის დამდგმელმა ანიმატორმა, რობ კოლმენმა, დაადასტურა, რომ Lucasfilm-ის ანიმაციის განყოფილებამ ფილმის ორიგინალურ ვერსიაში თოჯინური იოდა ჩაანაცვლეს ციფრული ვარიანტით. ასეთი ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის, რათა მისი გარეგნობა ახლოს ყოფილიყო პრიკველების ტრილოგიის სხვა ფილმებში წარმოდგენილ ვარიანტებთან. მოყვარულებს ეს ცვლილება, ძირითად, მოეწონათ. ამ ცვლილების მაგალითი წარმოდგენილია სითების შურისძიების DVD-ზე, რომელიც გამოვიდა 2005 წლის 1 ნოემბერს. ნაწყვეტი შეტანილია ვიდეოში „რჩეული“. თუმცა, როდესაც კოლმენმა გამოაცხადა მოსალოდნელი ცვლილების შესახებ, მან არ აღნიშნა, თუ როდის გამოვიდოდა ფარული მუქარის შეცვლილი ვარიანტი.[10]
ფარული მუქარა, ისევე, როგორც II-VI ეპიზოდები Blu-ray-ზე გამოიცა 2011 წლის სექტემბერში.[11] ამ ვერსიისთვის ფილმმა კვლავ გაიარა აღდგენის პროცესი და გამოსახულება დაუბრუნდა კადრის თავდაპირველ ზომებს (DVD-სთან შედარებით, დაემატა სივრცის 8%). Blu-ray-ს ვარიანტში გამოყენებულია იოდას ციფრული ვარიანტი და შეცვლილია რამდენიმე ვიზუალური ეფექტი და ტექნიკური დეტალი.
2015 წლის 7 აპრილს Walt Disney Studios-მა, 20th Century Fox-მა და Lucasfilm-მა გამოაცხადეს ექვსივე ფილმის ციფრულად გამოცემის შესახებ. ვინაიდან Lucasfilm კვლავ ფლობდა I-III და V-VI ეპიზოდების ციფრულად გავრცელების უფლებას, Walt Disney Studios-მა ფარული მუქარა ციფრულად გამოსცა 2015 წლის 10 აპრილს.[12]
მიუხედავად იმისა, რომ Walt Disney Company-მა 2012 წელს Lucasfilm შეიძინა და ამრიგად, მიიღო ყველა მომავალი ფილმის გამოცემის უფლება, Fox-ს მსოფლიო მასშტაბით შეუნარჩუნდა ახალი იმედის დისტრიბუციის უფლებები (ვინაიდან კომპანიამ თავდაპირველად დააფინანსა მისი წარმოება). იგი აგრეთვე ფლობდა უფლებას Lucasfilm-ის მიერ წარმოებული ფრანშიზის შემდეგ ხუთ ფილმზე კინოთეატრებში, კინოთეატრების ფარგლებს გარეთ და სახლის ვიდეოს ფორმატებში. ეს უფლება მას ეწურებოდა 2020 წლის მაისში, შემდეგ კი უფლება გადაეცემოდა Disney-ს. Fox-სა და Disney-ს შორის ასეთი რთული სქემა, განსაკუთრებით დაკავშირებული Fox-ის მიერ IV ეპიზოდის უფლებებთან, გათვალისწინებული იყო, რათა შეექმნა მომავალში ცხრა ფილმის ერთ კომპლექტში გამოცემის დაბრკოლება.[13] 2017 წლის 14 დეკემბერს Walt Disney Company-მ გამოაცხადა, რომ მის მფლობელობაში გადავიდა Fox-ის მფლობელი 21st Century Fox-ის დიდი ნაწილი, მათ შორის — კინოსტუდია და ახალი იმედის დისტრიბუციის უფლებები.[14]
3D ვერსია[]
2010 წლის 28 სექტემბერს StarWars.com-მა და Lucasfilm-მა გამოაცხადეს, რომ ვარსკვლავური ომების მთლიანი საგა გამოვიდოდა სტერეოსკოპურ 3D ფორმატში და გამოვიდოდა სტანდარტულ კინოთეატრებსა და IMAX 3D-ში. სერიის დაწყებას აპირებდნენ I ეპიზოდით. 3D-ში გადატანაზე მუშაობდნენ ჯონ ნოლი და Industrial Light & Magic.[15]
სტერეოსკოპურ ფორმატში გადაყვანა რამდენიმე წელი მიმდინარეობდა, ხოლო 2005 წლის ShoWest-ზე, ლას-ვეგასში, ლუკასმა ასეთ ფორმატში თავად წარადგინა II ეპიზოდში შეტანილი დევნა სპიდერით და IV ეპიზოდის ამონარიდები. სპიდერების სცენის ნაწყვეტი Texas Instruments-მაც, სან-დიეგოში, SIGGRAPH 2007-ზე უჩვენა.
I ეპიზოდის 3D-ში გამოსვლის თარიღად Lucasfilm-მა 2011 წლის 3 მარტს დაასახელა 2012 წლის 10 თებერვალი.[16]
2013 წლის 28 იანვარს Lucasfilm-მა გამოცხადა, რომ კლონების შეტევის და სითების შურისძიების ასეთივე სახით გამოსვლა გადაიდო.[17]
შეფასება[]
ფილმი ნომინირებული იყო სამ ოსკარზე — საუკეთესო ვიზუალური ეფექტების, საუკეთესო ხმის და საუკეთესო ხმოვანი ეფექტების კატეგორიებში, მაგრამ სამივეში წააგო მატრიცასთან . თუმცა, People's Choice Awards-ზე მას საუკეთესო მხატვრული ფილმის ჯილდო გადასცეს.
ფარული მუქარა აგრეთვე ნომინირებული იყო Saturn Awards-ზე, საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმის, საუკეთესო რეჟისორის (ჯორჯ ლუკასი), საუკეთესო მსახიობის (ლიამ ნისონი), მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის (იუან მაკგრეგორი), საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი მამაკაცის (ჯეიკ ლოიდი), საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალის (ნატალი პორტმანი), მეორერისხოვანი როლის საუკეთესო მსახიობი ქალის (პერნილა აუგუსტი), საუკეთესო სცენარის (ჯორჯ ლუკასი), საუკეთესო მუსიკის (ჯონ უილიამსი), საუკეთესო სპეციალური ეფექტების და საუკეთესო გრიმის კატეგორიებში. მას წილად ერგო ჯილდოები კოსტიუმების საუკეთესო დიზაინისთვის (ტრიშა ბიგარი) და საუკეთესო სპეციალური ეფექტებისთვის.[18]
წაშლილი სცენები[]
აღნიშნული სცენების უმეტესობა მოგვიანებით მოხვდა DVD გამოცემაში.
- ჩანჩქერის სცენა — როდესაც კვაი-გონი, ობი-ვანი და ჯა ჯა თიდთან ამოყვინთავენ, აღმოჩნდებიან დიდ ჩანჩქერთან და წყალქვეშა ნავი სასწრაფოდ უნდა დატოვონ.
- განთიადი პოდრბოლამდე — ანაკინი დილით ადრე დგება და პოდს რბოლისთვის ამზადებს. ნაჩვენებია მისი მცირე დიალოგი პადმესთან.
- პოდრბოლის სრული სცენა — აქ ნაჩვენებია სხვა მონაწილეებიც და მაყურებლებს შორის მჯდარი არსებებიც.
- პოდრბოლის მეორე წრის გაფართოებული ვერსია — აქ ვრცლად ნაჩვენებია სებულბას მიერ წესების „შემოქმედებითი ინტერპრეტაცია“ და ხაზგასმულია, თუ რამდენად უნიკალურია ანაკინი.
- ანაკინის ჩხუბი გრიდოსთან — უნდა მომხდარიყო რბოლის შემდეგ, რათა ეჩვენებინათ ანაკინის აგრესიისადმი მიდრეკილება, მაგრამ ლუკასმა სცენა ამოჭრა, ვინაიდან სურდა, ეჩვენებინა, რომ თავდაპირველად ბიჭუნას რბილი ხასიათი ჰქონდა და თავისი ცუდი თვისებები მოგვიანებით შეიძინა.
- დამშვიდობება ჯირასთან — კვაი-გონი და ანაკინი ტოვებენ მოს-ესპას, ხოლო ანაკინი მცირე ხნით ჯირასთან მიდის და ემშვიდობება. ამავე დროს, მათ უთვალთვალებს დართ მოლის ზონდი, რომელსაც კვაი-გონი მოგვიანებით შეამჩნევს და, სანამ „მტვრიან იხვს“ ჩაუვლის, ანადგურებს.
- მფრინავი ტაქსი — მფრინავი ტაქსების მოძრაობის ჩვენებით ერთ-ერთი სცენა კორუსანტზე გაფართოებულია დამატებითი 10 წამით.
მედია[]
პოსტერების გალერეა[]
შემადგენლობა[]
მსახიობები | მსახიობები მითითების გარეშე | გუნდი | გუნდი მითითების გარეშე | განსაკუთრებული მადლობა |
მსახიობები
|
გამოჩენები[]
პერსონაჟები | ორგანიზმები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი რასები | მანქანები და გემები | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები
კანონიკური პერსონაჟები
|
|
|
ლეგენდების პერსონაჟები
|
|
|
ორგანიზმები
კანონიკური ორგანიზმები
|
|
ლეგენდების ორგანიზმები
|
|
|
დროიდების მოდელები
კანონიკური დროიდები
|
|
ლეგენდების დროიდები
|
|
|
მოვლენები
კანონიკური მოვლენები
|
ლეგენდების მოვლენები
|
ადგილები
კანონიკური ადგილები
|
|
ლეგენდების ადგილები
|
|
ორგანიზაციები და წოდებები
კანონიკური ორგანიზაციები და წოდებები
|
|
ლეგენდების ორგანიზაციები და წოდებები
|
|
|
გონიერი რასები
კანონიკური გონიერი რასები
|
|
ლეგენდების გონიერი რასები
|
|
|
მანქანები და გემები
კანონიკური მანქანები და გემები
|
|
ლეგენდების მანქანები და გემები
|
|
|
იარაღები და ტექნოლოგია
კანონიკური ტექნოლოგია
|
|
ლეგენდების ტექნოლოგია
|
|
სხვადასხვა
სხვადახვა კანონიკური საკითხები
|
|
ლეგენდების სხვადასხვა საკითხები
|
შენიშვნები და სქოლიო[]
დამატებითი ბმულები[]
ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა StarWars.com (არქივის ბმული)
ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა Lucasfilm-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა ვიკიპედიაში
ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა Internet Movie Database-ში
ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა Aurebesh Wiki-ში