- „შენში დიდძალ შიშს ვხედავ, სკაიუოკერო. ზიზღიც გაქვს, წყრომაც, მაგრამ არც ერთს იყენებ.“
- ―დუკუ
ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება არის 2005 წლის ფილმი, გადაღებული ჯორჯ ლუკასის მიერ, მისივე სცენარის მიხედვით. ვარსკვლავური ომების პრიკველების ტრილოგიაში იგი მესამე და უკანასკნელი ფილმია.
კლონების ომების დაწყებიდან სამი წლის თავზე ჯედაები კლონებისგან დაკომპლექტებულ ჯარს მიუძღვებიან დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციის წინააღმდეგ გალაქტიკური მასშტაბის ბრძოლაში. გალაქტიკური რესპუბლიკის უზენაესი კანცლერი საბოლოოდ აღმოჩნდება სითების ლორდი, რომლის მზაკვრული გეგმით რესპუბლიკა უნდა გარდაიქმნას იმპერიად. გმირი ჯედაი ანაკინ სკაიუოკერი გადადის ძალის ბნელ მხარეს და იქცევა დართ სიდიუსის შეგირდ დართ ვეიდერად. თითქმის ყველა ჯედაი იღუპება — ობი-ვან კენობისა და იოდას გარდა, რომლებიც იმალებიან გალაქტიკის შორეულ ნაწილებში. რჩება ერთადერთი იმედი, ანაკინის შვილები: ლუკ სკაიუოკერი, რომელსაც გაზრდის ოუენ ლარსი და ლეია ორგანა, რომელსაც სენატორი ბეილ პრესტორ ორგანა იშვილებს.
ფილმი კინოთეატრებში გამოვიდა 2005 წლის 19 მაისს — საგულისხმოა, რომ 1999 წლის ამავე დღეს გაიმართა პირველი ეპიზოდის პრემიერა. საპრემიერო ჩვენება გაიმართა კანის 2005 წლის ფესტივალზე, 15 მაისს. კრიტიკოსებმა იგი ძირითადად დადებითად შეაფასეს, განსაკუთრებით წინა ორ ფილმთან შედარებით. პირველ კვირაში მან რამდენიმე რეკორდი დაამყარა, მსოფლიო მასშტაბით კი 800 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მოიპოვა. ეს არის ვარსკვლავური ომების საგის მეორე ფილმი, რომელშიც ცოცხლად გადაღებული სცენების შემთხვევაში მაღალი გარჩევადობის 24 კადრიანი სისტემა გამოიყენება. 2011 წლის სექტემბერში ფილმი Blu-ray-ზეც გამოვიდა.
შესავალი[]
ეპიზოდი III: ᲡᲘᲗᲔᲑᲘᲡ ᲨᲣᲠᲘᲡᲫᲘᲔᲑᲐ |
---|
შინაარსი[]
კორუსანტის ბრძოლა[]
- „ახლა ვიხალისებთ!“
- ―ანაკინ სკაიუოკერი
კლონების შეტევიდან სამი წლის შემდეგ გალაქტიკური რესპუბლიკა ჩაბმულია ეპიკურ ომში დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციასთან, რომელსაც სათავეში უდგას გრაფი დუკუ — ფარულად სითი ლორდი, დართ ტირანუსი. კონფედერაციის წევრი, კიბორგი მეთაური გენერალი გრივუსი, დროიდების ჯარით, კორუსანტიდან იტაცებს უზენაეს კანცლერ შივ პალპატინს, გალაქტიკური სენატის თავმჯდომარეს.
სეპარატისტების დროიდების გალაქტიკის დედაქალაქიდან გაქცევისას იწყება დიდი კოსმოსური ბრძოლა, რომელშიც ოსტატი ჯედაი ობი-ვან კენობი და მისი ყოფილი პადავანი, რაინდი ჯედაი ანაკინ სკაიუოკერი, მიემართებიან კანცლერის გადასარჩენად. ჯედაები ცდილობენ სეპარატისტების ძალების გარღვევას. ობი-ვანის ხომალდს აზიანებენ ბაზ-დროიდები, ხოლო მისი ასტრომექანიკოსი დროიდი R4-P17 განადგურებულია. ანაკინი ცდილობს დროიდებისგან თავის არიდებას და შეცდომით აზიანებს მასწავლებლის ხომალდის ფრთას. კენობი მას სთხოვს კანცლერის გადარჩენას, მაგრამ ანაკინი მის გარეშე მისიის გაგრძელებას არ აპირებს. ამ დროს ერთ-ერთი ბაზ-დროიდი მის ხომალდზეც ადის, თუმცა მას ანადგურებს R2-D2. გრივუსის ხომალდებისნ მიახლოებისას ობი-ვანი ანაკინს შეახსენებს, რომ დამცავი ფარები მოქმედია, ამიტომ ანაკინი პირველ რიგში ანადგურებს ფარის გენერატორს. ორი ჯედაი ავარიულად ეშვება ანგარში.
ანაკინი და ობი-ვანი იკვლევენ გზას კანცლერისკენ, ებრძვიან რა დროიდების ჯარს. მათ ეხმარება R2-D2, რომელიც ანგარში საბრძოლო სუპერდროიდებს უმკლავდება.
კანცლერის გადარჩენა[]
ჯედაები კანცლერს პოულობენ. მათ თავად გრაფი დუკუ უპირისპირდება და იწყება ბრძოლა სინათლის მახვილებით. ბრძოლისას დუკუ ობი-ვანზე ძალას იყენებს, ისვრის რა მას.
ანაკინი უფრო და უფრო ძლიერდება, ვინაიდან მიმართავს ძალის ბნელ მხარეს და შერკინებაში იმარჯვებს. იგი დუკუს ორივე ხელს მოჰკვეთს, შემდეგ კი, პალპატინისგან წაქეზებული, საკუთარ თავში წინააღმდეგობის მიუხედავად, გრაფს თავსაც ჰკვეთს.
ჯედაების ვარსკვლავური კრეისერი ხომალდს ესვრის. ამ აფეთქებისას „უხილავი ხელი“ კორუსანტზე დაცემას იწყებს. პალპატინი ანაკინს სთავაზობს უგონოდ მყოფი ობი-ვანის დატოვებას, მაგრამ ანაკინი მას და კანცლერს გადაარჩენს.
შერკინება გრივუსთან „უხილავ ხელზე“[]
მას შემდეგ, რაც დროიდები აღადგენენ ხომალდის მართვას, გრივუსი იჭერს ჯედაებს და პალპატინს. თუმცა, R2 იქცევს ყველას ყურადღებას და ჯედაებიც თავისუფლდებიან. მათ მისდევენ გრივუსის IG-100-ები. პირველს ობი-ვანი ანადგურებს. მეორე განაგრძობს ბრძოლას და ჯედაი ამ დროიდსაც აჩერებს. მას, საბოლოოდ, ანაკინი ანადგურებს — ისევე, როგორც B1 დროიდებს, რომლებიც კანცლერის მოკვლას ცდილობენ. გრივუსი მაქოთი გარბის, მანამდე კი სხვა საევაკუაციო მაქოებს აამოქმედებს. ხომალდი, ამრიგად, განაგრძობს კორუსანტზე დაცემას, მაგრამ მართვას ანაკინი აღადგენს და, მიუხედავად იმისა, რომ იგი მძიმედ ეშვება, ყველა გადარჩენილია.
დაბრუნება კორუსანტზე[]
კორუსანტზე ანაკინს ყველა ულოცავს გმირულ სვლას. იგი ფარულად ხვდება პადმე ამიდალას და, კოცნის შემდეგ, შეიტყობს, რომ მათ შვილი ეყოლებათ.
გრივუსი, ამჯერად უკვე სეპარატისტების პოლიტიკური და სამხედრო წინამძღოლის სახით, უტაპაუზე ჩადის, სადაც აგრეთვე იმყოფებიან სავაჭრო ფედერაციის ვიცემეფე ნუტ განრეი, ჯეონოსელი პოგლ უმცირესი, ტექნოკავშირის ხელმძღვანელი უოტ ტემბორი და სხვები. გენერალს დართ სიდიუსი უბრძანებს სეპარატისტი მეთაურების პლანეტა მუსტაფარზე გადაყვანას და აცხადებს, რომ ომი დასასრულს უახლოვდება. გრივუსს ეჭვი ეპარება, გრად დუკუს მკვლელობიდან გამომდინარე. სიდიუსი მას არწმუნებს, რომ სულ მალე ეყოლება უფრო ძლიერი შეგირდი.
მოგვიანებით, კორუსანტზე, ანაკინი ღამით შეშინებული იღვიძებს. პადმეს იგი უამბობს, რომ ესიზმრებოდა, თითქოს ის მშობიარობისას დაიღუპა და ჰპირდება, რომ ეს სიზმარი არასოდეს იქნება ცხადი.
კანცლერი პალპატინი ანაკინს შეხვედრას სთხოვს. ამ დროისთვის კანცლერს სენატისგან ენიჭება ძალაუფლება ჯედაების საბჭოსთან მიმართებაშიც. პალპატინი ხედავს, რომ ანაკინს ეკარგება ნდობა მასწავლებლების მიმართ და მას ნიშნავს საბჭოში საკუთარ წარმომადგენლად. საბჭო მაინც უარს ამბობს ანაკინისთვის ოსტატის წოდების მინიჭებას. ანაკინი გაღიზიანებულია, მაგრამ საბჭოსთვის უფრო მნიშვნელოვანია ომის მოვლენები. გადაწყდება, რომ სკაიუოკერი კანცლერის პირადი მცველი გახდება, ხოლო იოდა კლონების ბატალიონთან ერთად ვუკიების დასახმარებლად, კაშიიიკისკენ გაემართება.
ანაკინი გულგატეხილი ჩანს. მოგვიანებით ობი-ვანი მას განუმარტავს, რომ საბჭოს სურს, ანაკინმა მათ გადასცეს ინფორმაცია კანცლერის ყოველ მოქმედებაზე. გაოგნებული ანაკინი გრძნობს, რომ იხლიჩება მეგობრებსა და ვალდებულებებს შორის. ამ მდგომარეობით უკმაყოფილოა ობი-ვანიც.
დართ პლეგასის ამბავი[]
გალაქტიკური ოპერის სახლში, უსკრუს რაიონში, ანაკინი უერთდება პალპატინს და მასთან ერთად თვალს ადევნებს მონ-კალამარების საბალეტო დასის წარმოდგენა „კალმარების ტბას“. პალპატინი უამბობს მას, რომ კლონების დაზვერვამ აღმოაჩინა გრივუსის ადგილსამყოფელი უტაპაუს სისტემაში. ანაკინი აღფრთოვანებულია, ვინაიდან მიაჩნია, რომ გრივუსის დაჭერა დააჩქარებს ომის დასასრულს. კანცლერი აღნიშნავს, რომ მისიაზე აუცილებელია ანაკინის გაგზავნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯედაების საბჭოს კომპეტენტურობა კითხვის ქვეშ იქნებოდა. მსახურების გაშვების შემდეგ პალპატინი ანაკინს ბნელ მხარეს იტყუებს, განუმარტავს რა, რომ ჯედაების ორდენს სურს რესპუბლიკის დამხობა და თუკი ის ამას გრძნობს, ანაკინსაც იგივე უნდა ეგრძნო. ანაკინი უდასტურებს, რომ ჯედაები არ ენდობიან, პალპატინის თქმით კი, ეს უნდობლობა ვრცელდება სენატზე, რესპუბლიკაზე და მთლიანად, დემოკრატიაზე. ანაკინი ეუბნება პალპატინს, რომ მასში ნდობა ჯედაებისადმი შეირყა და პალპატინი განაგრძობს მის შეცდენას, იყენებს რა ამისთვის იმ ფაქტს, რომ ჯედაის დაევალა კანცლერის თვალთვალი. იგი შეახსენებს რამდენიმე პოლიტიკურ ფაქტს, რომელზეც ადრე უამბო, იმის შესახებ, რომ ძალაუფლები მქონეს ეშინია მისი დაკარგვის და ჯედაებიც ასეთები არიან. ანაკინი ცდილობს, დაიცვას ჯედაები, ამბობს რა, რომ ისინი ძალაუფლებას სიკეთისთვის იყენებენ, მაგრამ პალპატინი არ ეთანხმება, აცხადებს რა, რომ სიკეთე მხოლოდ თვალთახედვაა და ნებისმიერ შემთხვევაში, დიდი ძალაუფლების გზაზეც, სითები და ჯედაები ერთმანეთის მსგავსად მოქმედებენ. ანაკინი ეწინააღმდეგება და ეუბნება, რომ სითები ძალაუფლების გზად იყენებენ ვნებას და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, ხოლო ჯედაები სხვებზე ზრუნავენ.
ხანმოკლე ფიქრის შემდეგ პალპატინი ახსენებს ბრძენი დართ პლეგასის ტრაგედიას. იგი პლეგასს აღწერს როგორც სითების ძლიერ ბნელ ლორდს — იმდენად ბრძენს, რომ მას შეეძლო ძალის მეშვეობით მიდიქლორიანებზე ზემოქმედება, რათა სიცოცხლე შეექმნა. გარდა ამისა, ბნელი ძალის ცოდნით, პლეგასს შეეძლო სხვების სიკვდილისგან ხსნა. ამ სიტყვების მოსმენისას ანაკინი განსაკუთრებით ინტერესდება (რაც პალპატინის გეგმას წარმოადგენდა) და კანცლერი ძალის ბნელ მხარეს აღწერს როგორც ბევრისთვის უჩვეულო შესაძლებლობების გზას. როდესაც ანაკინი ეკითხება, თუ რა ბედი ეწია პლეგასს, პალპატინი ამბობს, რომ იგი იმდენად ძლევამოსილი გახდა, რომ მხოლოდ ძალაუფლების დაკარგვის ეშინოდა, რაც საბოლოოდ, მოხდა კიდეც. მან შეგირდს, რომელსაც დართ სიდიუსი ერქვა, გადასცა საკუთარი ცოდნა, ხოლო შეგირდმა იგი ძილში მოკლა. პალპატინი ხაზს უსვამს ირონიას — პლეგასს შეეძლო სხვების გადარჩენა, მაგრამ საკუთარ თავს ვერ უშველა. როდესაც ანაკინი ეკითხება, შესაძლებელია თუ არა ამ ძალის შესწავლა, რათა სიკვდილზე ზემოქმედება მოხდეს, პალპატინი უბრალოდ პასუხობს: „არა ჯედაისგან“, რაც ანაკინს ჯედაების ორდენისგან კიდევ უფრო აშორებს.
კაშიიიკზე იოდა, ლუმინარა ანდული და გრი, აგრეთვე ტარფფული და ჩუბაკა, იბრძვიან და პლანეტას იცავენ კორპორაციების ალიანსის ტანკებისგან, ჯუჯა ობობა დროიდებისგან, დროიდი შვეულმფრენებისგან და საბრძოლო დროიდების ბვატალიონებისგან.
ანაკინი მოგვიანებით ხვდება ჯედაების საბჭოს წევრებს და მათ უამბობს გრივუსზე და უტაპაუს თავმჯდომარის დიპლომატიური პაკეტიდან მოპოვებულ გზავნილზე. იოდა ამბობს, რომ აუცილებელია სწრაფი მოქმედება. როდესაც ანაკინი გამოხატავს სურვილს, შეასრულოს პალპატინის დავალება, მეის უინდუ ხისტად განუმარტავს, რომ გაგზავნის თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო და არა კანცლერი. იოდას აზრით, გრივუსთან საბრძოლველად აუცილებელია გამოცდილი ოსტატი. კი-ადი-მანდი ეთანხმება და საბჭოს სთავაზობს ობი-ვანის გაგზავნას. უკანასკნელი თანხმდება და უტაპაუზე წასასვლელად ემზადება.
შერკინება გრივუსთან უტაპაუზე[]
ანაკინი ობი-ვანს მიჰყვება უკანასკნელის ვარსკვლავურ სახაზო ხომალდთან. იგი კვლავ ფიქრობს, რომ უტაპაუზე მისი დახმარება დასჭირდებათ, რასაც ობი-ვანიც ეთანხმება. ანაკინი ეუბნება, რომ იცის, როგორც ეწყინა მასწავლებელს და რომ მისი ქმედებები არის არასწორი პასუხი მასწავლებლის მიერ მოცემული ცოდნის სანაცვლოდ. იგი აგრეთვე აღიარებს, რომ საბჭოთი უკანასკნელ პერიოდში უკმაყოფილოა, მაგრამ ამის გამო წუხს. ობი-ვანი მას ძლიერს და ბრძენს უწოდებს და უფრო დიდ ჯედაის, ვიდრე ამას წარმოიდგენდა. მაგრამ იგი ამასთან მიანიშნებს, შეინარჩუნოს მოთმინება და სულ მალე საბჭოც მას ოსტატი ჯედაის წოდებას მიანიჭებს. ისინი ერთმანეთს ემშვიდობებიან და კენობი უტაპაუსკენ მიფრინავს. თუმცა, მათ არ იციან, რომ ეს იყო მათი, როგორც ჯედაების, უკანასკნელი შეხვედრა.
ობი-ვანი უტაპაუზე, პაუში ჩადის და, ვარაქტილ ბოგაზე ამხედრებული, იწყებს გენერალი გრივუსის ძიებას. გენერალს იგი მეათე სართულზე მიაგნებს. მას შემდეგ, რაც მოიშორებს ირგვლივ შეკრებილ დროიდებს, იწყება ბრძოლა მასსა და გრივუსს შორის. უკანასკნელი ერთდროულად ოთხ სხივურ მახვილს იყენებს, მაგრამ ობი-ვანი ხელების ქვედა ნაწილებს მალევე მოჰკვეთს. ბრძოლის პარალელურად პლანეტაზე ჩადის მესამე სისტემების ჯარი, კოდის მეთაურობით. ობი-ვანი გენერალს ძალის მეშვეობით ჭერისკენ მოისვრის. გრივუსი დარჩენილია ორი უკანასკნელი მახვილის გარეშე და ცდილობს ბორბლიანი ტრანსპორტით გაქცევას, ხოლო ობი-ვანი ბოგას მეშვეობით მისდევს. ამ დევნისას იგი კარგავს თავის მახვილს, რომელსაც კოდი პოულობს დროიდებთან ბრძოლის დროს.
კორუსანტზე ანაკინი პალპატინს უამბობს, რომ გრივუსს უტაპაუზე მიაგნეს. იგი მოითხოვს უტაპაუზე გამგზავრების ნებართვას. ამ საუბრისას პალპატინი კვლავ ძალაზე ესაუბრება და აღმოჩნდება, რომ იგი დართ სიდიუსია. სკაიუოკერი მახვილით ემუქრება მას, მაგრამ გადაწყვიტავს, მისი დასჯა ჯედაების საბჭოს ანდოს. ამავე დროს, იგი კვლავ პადმეს გადარჩენაზე ოცნებობს და ფიქრობს, რომ პალპატინის ცოდნა, მიღებული დართ პლეგასისგან, მას ამაში დაეხმარებოდა.
ობი-ვანი განაგრძობს გრივუსის დევნას. იგი საბოლოოდ, მის ტრანსპორტს ახტება. კიბორგის ელექტროკვერთხით იგი შეძლებს სპიდერის მწყობრიდან გამოყვანას. ობი-ვანი და გენერალი ეცემიან გრივუსის საიდუმლო დასაჯდომ პლატფორმაზე. გრივუსი იშიშვლებს ბლასტერს, რომელსაც ელექტროკვერთხს დაუფლებული ობი-ვანი მალევე გააგდებინებს. გრივუსს იგი ძირს აგდებს და ბრძოლა გრძელდება. ჯედაი ამტვრევს კიბორგის გულმკერდის არეში არსებულ ფირფიტებს, რითიც მისი შიდა ორგანოები დაუცველი ხდება. გაღიზიანებული გენერალი მას რამდენიმეჯერ არტყამს და კლდიდან აგდებს. ობი-ვანი გადარჩება, ჩამოეკიდება რა ერთ-ერთ ქვაზე. გრივუსი უახლოვდება, მაგრამ ობი-ვანი ძალის მეშვეობით მის ბლასტერს იზიდავს და გულმკერდის არეში ესვრის. აალებული ორგანოებით — მათ შორის, თვალებითაც — გენერალი საბოლოოდ მოკლულია.
სიდიუსის გამოაშკარავება[]
სკაიუოკერი ბრუნდება ჯედაების ტაძარში და უინდუსგან შეიტყობს, რომ ობი-ვანმა გაანადგურა გრივუსი და ისინი მიემართებიან სენატისკენ, რათა პალპატინს ათქმევინონ უარი თავის დამატებით რეგალიებზე. მაგრამ ანაკინი უამბობს მას, რომ კანცლერი სინამდვილეში სითი ლორდია და ძალაუფლებას ასე ადვილად არ დათმობს. მეისი გაოგნებულია. ანაკინი ადასტურებს, რომ ამაში დარწმუნდა და იცის, რომ სწორედ პალპატინია ის, ვისაც ამდენი ხანია, ეძებდნენ. მეისი ეკითხება, თუ როგორ დაადგინა მან ეს და სკაიუოკერი პასუხობს, რომ პალპატინს შეუძლია ძალის გამოყენება და ემზადებოდა მისი ბნელი მხარის დაუფლებით. უინდუ ეუბნება, რომ მათი ყველაზე არასასიამოვნო მოლოდინები გამართლდა და თუკი ჯედაების ორდენი გადარჩენას აპირებს, მათ სწრაფად უნდა იმოქმედონ. ანაკინი მას აფრთხილებს, რომ პალპატინი ძალიან ძლიერია და სთხოვს, გაჰყვეს, რათა ერთად დააპატიმრონ იგი. თუმცა უინდუ სთხოვს, არ ჩაერიოს, ვინაიდან მასში შიშს ხედავს, რომელიც გონებას დაუბნელებს. იგი მას აგრეთვე ეუბნება, რომ, თუკი ყოველივე ნათქვამი სიმართლეა, მაშინ მან მისი ნდობა მოიპოვა, მაგრამ კვლავ სთხოვს, დატოვოს საბჭოს დარბაზები. ოსტატები უინდუ, კიტ ფისტო, აგენ კოლარი და სესი ტიინი შვეულმფრენით პალპატინის კაბინეტისკენ მიემართებიან.
საბჭოს დარბაზში, დაფიქრებული პალპატინის დაპირებასა და პადმეს დაღუპვაზე, ანაკინი ორად იხლიჩება. მას ესმის პალპატინის ხმა, რომელიც ამბობს, რომ თუკი მას ჯედაები მოკლავენ, პადმეს გადარჩენის საშუალება დაიკარგება. იგი ტოვებს დარბაზს და ასევე მიემართება პალპატინის კაბინეტისკენ.
უინდუ და სამი ჯედაი შედიან პალპატინის კაბინეტში. უინდუ აცხადებს, რომ პალპატინი დაპატიმრებულია და ოსტატები იშიშვლებენ მახვილებს. პალპატინი ასევე იღებს საკუთარ მახვილს და მათკენ შეძახილით ხტება. იგი კლავს კოლარს, შემდეგ კი — ტიინს. რამდენიმე წამის შემდეგ ის სასიკვდილოდ დაჭრის ფისტოს. ცოცხლად დარჩენილი უინდუ ბნელ ლორდთან პირისპირ რჩება.
დართ ვეიდერის აღმასვლა[]
გრძელდება პალპატინის და მეისის სასტიკი ბრძოლა. თავდაპირველად პალპატინი თითქოს იმარჯვებს, მაგრამ საბოლოოდ უპირატესობა უინდუს მხარეს არის. მას კანცლერი მიმწყვდეული ჰყავს კაბინეტის ფანჯარასთან, რა დროსაც შემოდის ანაკინი. პალპატინი უშვებს ძალის ელვას, მაგრამ მეისის მახვილი მას ირეკლავს და ენერგიის დიდი რაოდენობა პალპატინის სხეულს ეხვევა. კანცლერის სახე იცვლება — მკრთალდება და ნაოჭებით იფარება, მისი კბილები ყვითელ ფერს იძენს და იშლება, მისი თითის წვერები მორგძო და ბინძურია, ხოლო თვალები ყვითელია, შავ-წითელი გუგებით. ის ჩერდება და აღარ იყენებს ძალას, ამბობს რა, რომ ძალიან დასუსტებულია. მეისი მზად არის, მოკლას იგი, მაგრამ ანაკინი ითხოვს სითის გასამართლებას. უინდუს მიაჩნია, რომ პალპატინი მეტად საშიშია და მისი ასე დატოვება არ შეიძლება. ანაკინი იძულებულია, გააკეთოს საბოლოო არჩევანი პადმეს გადარჩენასა და ჯედაების ორდენს შორის. სანამ მეისი უკანასკნელად მოიქნევს მახვილს, სკაიუოკერი მას მოჰკვეთს ხელს. გახარებული პალპატინი უშვებს ელვის ნაკადს და მეისს ფანჯრიდან აგდებს. ჯედაი ათასობით სართულის სიმაღლიდან ეცემა.
ანაკინს, შეშინებულს საკუთარი ქმედებებით, მაინც არჩეული აქვს გზა. იგი პალპატინს ერთგულებას შეჰფიცებს, იმედი აქვს რა, რომ ეს მას დაეხმარება პადმეს სიკვდილისგან ხსნაში. პალპატინი მას სით შეგირდად აიყვანს და სითურად დართ ვეიდერს უწოდებს. იგი მას პირველ დავალებას აძლევს: მიიტანოს შეტევა ჯედაების ტაძარზე, რათა ეგრედ წოდებული ჯედაების აჯანყება ჩაახშოს.
ვეიდერი და 501-ე ლეგიონი მიემართებიან ტაძრისკენ. იქ შესული ყოფილი სკაიუოკერი კლავს ყველას, ვინც გზად ხვდება, მათ შორის — ორთაბრძოლების ოსტატ სინ დრალიგს და საბჭოს ოთახში დამალულ ნორჩებს.
ბრძანება 66-ის გაცემა[]
საკუთარი კაბინეტიდან პალპატინი მთელ გალაქტიკაში კლონ სამხედროებს ატყობინებს, რომ „დრო დადგა“ და გასცემს ბრძანება 66-ის შესრულების განკარგულებას.
მთელ გალაქტიკაში კლონი სამხედროები იწყებენ მათი მეთაური გენერალი ჯედაების განადგურებას. ესვრიან უტაპაუზე მყოფ კენობისაც, რომელიც გადარჩება გრივუსის დამალული ვარსკვლავური გამანადგურებელით გაქცევით. მაიგიტოზე ოსტატი ჯედაი კი-დი-მანდი მოკლულია კმ-1138-ის და გალაქტიკური ქვეითი ჯარის მიერ. ტროპიკულ პლანეტა ფელუციაზე რაინდი ჯედაი ეილა სეკურა იღუპება კმ-5052-ის და 327-ე ვარსკვლავური კორპუსის თავდასხმისას. კეიტო-ნეიმოიდიაზე პლუ კუნის ჯედაების ვარსკვლავური გამანადგურებელი ჩამოგდებულია აგრესიული სახაზო ხომალდების-მზვერავების მიერ. სალიუკემაიზე სტას ელის სპიდერციკლი 74-Z განადგურებულია კმ-8826-ის და მისი თანაპილოტის მიერ, რომლებიც მეკმ-სპიდერებით გადაადგილდებიან. იოდა კაშიიიკზე იმყოფება და მიმდინარე ბრძოლას აკვირდება. ამ დროს მეთაურ გრის ბრძანებას გადასცემენ. ის, თავის ლეიტენანტთან ერთად, ცდილობს იოდას მოკვლას, მაგრამ ბრძენი ოსტატი წინასწარ იგრძნობს საფთხის მოახლოებას და ორივე კლონს თავებს მოჰკვეთს. ამის შემდეგ მას ტარფფული და ჩუბაკას პლანეტიდან გაქცევაში ეხმარებიან.
სენატორი ბეილ პრესტორ ორგანა უახლოვდება ალმოკიდებულ ტაძარს და იხილავს აპოს და მისი სამხედროების მიერ პადავან ზეტ ჯუკასას მოკვლას. შეძრწუნებული ორგანა გარბის და კორუსანტს „ტანტივი III“-ით ტოვებს, რათა დაუკავშირდეს სხვა ჯედაებს.
ობი-ვანი და იოდა გადაურჩებიან ბრძანება 66-ის გაცემას. მათ გაქცეული სენატორი ორგანა ხვდება. ჯედაები გადაწყვიტავენ, დაბრუნდნენ კორუსანტზე და შეაჩერონ ჯედაების კოშკურა, რომელიც ყველა ჯედაის კორუსანტზე უხმობს — ხვდებიან რა, რომ ეს პალპატინის მიერ დაგებული მახეა. კენობის სურს, ჯედაები ტაძარს აარიდოს.
ტაძარზე თავდასხმის შემდეგ ვეიდერი უბრუნდება პადმეს, სენატის საცხოვრებელ კომპლექსი, საიდანაც მოჩანს აალებული ტაძარი. ამიდალას ვეიდერი ეუბნება, რომ ჯედაებმა სცადეს რესპუბლიკის დამხობა და სენატში მოღალატეები არიან. იგი სთხოვს ამიდალას, დარჩეს კანცლერის ერთგული და ეუბნება, რომ მუსტაფარის სისტემაში მიემგზავრება, სადაც დარჩენილი სეპარატისტები იმყოფებიან — ამით ის იმედოვნებს, დაასრულოს მიმდინარე ომი.
იმპერიის დასაწყისი[]
მუსტაფარზე ვეიდერს ეგებება ვიცემეფე განრეი, მაგრამ ვეიდერი საბჭოს ბუნკერში მიიმწყვდევს. იგი კლავს პოგლ უმცირესს, რუნ ჰააკოს, პო ნადოს და უოტ ტემბორს. ბოლოს იგი განრეისაც კლავს, როდესაც უკანასკნელი შეწყალებას ითხოვს. ბნელი ძალა ამ დროს ვეიდერში უკვე მძვინვარებს, მისი თვალების გუგები ყვითელ ფერს იძენენ, მათი დანარჩენი ნაწილი კი — ალისფერს.
სენატი მართავს საგანგებო სხდომას, რომელზეც პალპატინი ყველას უამბობს „ჯედაების მიერ დაგეგმილ სენატის დამხობაზე“, რომელიც ჩაიშალა. ამასთან ერთად, იგი აცხადებს, რომ ყველა ცოცხალი ჯედაი იქნება დაჭერილი და განადგურებული. მისი თქმით, „უსაფრთხოების და ხანგრძლივი სტაბილურობის მიზნით რესპუბლიკა გარდაიქმნება პირველ გალაქტიკურ იმპერიად“, რაც, მისივე თქმით, დაცული საზოგადოების საწინდარი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ სენატის დიდი ნაწილი მას მხარს უჭერს, პადმე ამიდალა და ბეილ ორგანა, განცვიფრებულნი ამ განცხადებით, ირგვლივ იხედებიან. პადმე ამბობს: „სწორედ ასე კვდება თავისუფლება, მქუხარე აპლოდისმენტების თანხლებით.“
ობი-ვანი და იოდა ჯედაების ტაძართან მიდიან. გზად ისინი რამდენიმე კლონ სამხედროს კლავენ და გაოგნებულნი შიგნით შედიან. იოდა ხედავს, რომ რამდენიმე ჯედაი მოკლულია სინათლის მახვილით. ისინი აღადგენენ სიგნალს, რათა ყველა ჯედაის მოუწოდონ, თავი ტაძრისგან შორს დაიკაონ. ობი-ვანი, რომელსაც სურს, შეიტყოს სიმართლე, ამოწმებს სათვალთვალო მოწყობილობების ჰოლოგრამულ ჩანაწერებს. თავზარდაცემული, იგი ხედავს, თუ როგორ კლავს მისი ყოფილი შეგირდი ნორჩ ჯედაებს, შემდეგ კი პალპატინის წინ ემხობა. იოდა ამბობს, რომ სითები უნდა გაანადგურონ, მაგრამ ობი-ვანს არ შეუძლია ვეიდერის მოკვლა და ურჩევნია, პალპატინს შეებრძოლოს. მაგრამ იოდა განმარტავს, რომ ობი-ვანი არ არის საკმარისად ძლიერი, რათა სიდიუსს შეხვდეს, ხოლო ანაკინი აღარ არის — იგი ვეიდერმა შთანთქა. ყოფილ კანცლერთან შესახვედრად თავად იოდა მიდის, ხოლო ობი-ვანს უთითებს, „გრძნობებს მიმართოს“ და ვეიდერს მიაგნოს.
იოდა რჩევის შემდეგ ობი-ვანი პადმესთან მიდის და უამბობს, რომ ანაკინი ბნელ მხარეს გადავიდა, ხოლო ტაძარში ყველა ნორჩი დახოცა. მიუხედავად ამ მძიმე ამბისა, პადმე არ ეუბნება, თუ სად წავიდა მისი ქმარი. ობი-ვანი ხვდება, რომ პადმე ფეხმძიმედ არის და წასვლამდე მას ბოდიშს უხდის. მუსტაფარზე ვეიდერი იხედება მის წინ გადაშლილი სივრცისკენ და ბოროტად იღიმის.
მოგვიანებით პადმე კორუსანტს თავისი ხომალდით ტოვებს და მუსტაფარისკენ მიემართება. ობი-ვანი მას ფარულად მიჰყვება, იპარება რა ხომალდზე.
ბრძოლა სენატში და მუსტაფარზე[]
პადმე მუსტაფარზე ჩადის და ხვდება ანაკინს, რომელიც უკვე ვეიდერია. პადმე ეუბნება, რომ ესაუბრა ობი-ვანს, მაგრამ ვეიდერი ყოველივეს სიცრუეს უწოდებს, თუმცა არ უარყოფს, რომ ნორჩები მოკლა. პადმე სთხოვს, მასთან ერთად წავიდეს, დაივიწყოს წარსული და ბავშვზე იზრუნოს. ვეიდერი, ძალაუფლებით დაბრმავებული, ამტკიცებს, რომ მათ აღარ სჭირდებათ სადმე დამალვა და რომ იგი თავად არის იმდენად ძლიერი, რომ შეუძლია პალპატინის დამხობაც. პადმე, ხვდება რა, რამდენად შეიცვალა მისი ქმარი, შეშინებული, უკან იხევს და სთხოვს, შეჩერდეს და ეუბნება, რომ იგი კვლავ უყვარს.
ამ დროს მისი ხომალდიდან გამოდის ობი-ვანი. ვეიდერი უფრო განრისხებულია და პადმეს ბრალს სდებს, თითქოს იგი ცრუის სიყვარულის შესახებ და ამბობს, რომ მან ობი-ვანის გამო უღალატა. ყოველგვარი შეყოვნების გარეშე, იგი მასზე ძალას იყენებს და ახრჩობს. ობი-ვანი უბძანებს, გაუშვეს პადმე. ვეიდერი უშვებს პადმეს, რომელიც, უგონო მდგომარეობაში, იქვე ეცემა. მას მიაჩნია, რომ ობი-ვანმა მის წინააღმდეგ პადმე განაწყო, რაზეც კენობი პასუხობს, რომ საკუთარ თავს მან ეს თავად გაუკეთა და სიდიუსს თავი მოატყუებინა. ვეიდერს არ სურს რამის მოსმენა, მას მიაჩნია, რომ „ახალ იმპერიაში“ წესრიგი დაამყარა. ობი-ვანი, რომელსაც უჭირს ყოველივე მოსმენილის დაჯერება, იღებს სინათლის მახვილს და საბრძოლველად ემზადება. ვეიდერი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ განწყობილები მისი მტრები არიან. იწყება მასწავლებლის და შეგირდის გააფთრებული ბრძოლა.
სენატის შენობაში მდებარე კანცლერის კაბინეტში იოდა დართ სიდიუსს უპირისპირდება. თავდაპირველად სითი იოდას ძალის ელვას ესვრის და გონებას აკარგვინებს, თუმცა ოსტატი ჯედაი გონს მოეგება. იწყება ბრძოლა სინათლის მახვილებით. დაპირისპირება გრძელდება მოწვევათა დიდ დარბაზში, სენატის შუაგულში. სიდიუსი იოდას უშენს პოდებს და მათგან თავის არიდებისას ოსტატი ჯედაი იღლება. სითი მას კვლავ ძალის ელვას ესვრის, თუმცა იოდა ძალებს იკრებს და მას ყველანაირად ეწინააღმდეგება. წარმოქმნილი ენერგია ორივეს საპირისპირო მიმართულებით მოისვრის. პალპატინი ეჭიდება სენატის პოდს, ხოლო იოდა ეცემა ფსკერზე. ბეილ ორგანას დახმარებით იგი ტოვებს სენატის შენობას და ამბობს, რომ განდევნაში იცხოვრებს.
მუსტაფარზე გრძელდება ობი-ვანის და ვეიდერის ბრძოლა. სითი მას ვერ ახვედრებს ერთ-ერთ დარტყმას, რომელიც, სინამდვილეში, აზიანებს კომპიუტერის პულტს, რის გამოც სისტემა მწყობრიდან გამოდის. მათი ბრძოლა გრძელდება გარეთ, სადაც ლავა ბობოქრობს. ასულები ერთ-ერთ კონსტრუქციაზე, ისინი კვლავ განაგრძობენ დუელს, მიუხედავად იმისა, რომ ლავა ყოველივეს თანდათან შთანთქავს. კენობი გადადის მოძრავ პლატფორმაზე, ხოლო ვეიდერი ახტება შემგროვებელ დროიდს. ობი-ვანი მას უკანასკნელად სთხოვს, გონს მოეგოს, მაგრამ ვეიდერი არ უსმენს და ჯედაი ხვდება, რომ მის შეგირდს, მეგობარს და ძმას ვერაფერი უშველის.
ვეიდერისგან მორიგი დარტყმის მოგერიებისას ობი-ვანი პლატფორმიდან ხტება ლავის მდინარის ნაპირზე და ბორცვზე ადის. იგი ვეიდერს ეუბნება, რომ უპირატესობა აქვს, მაგრამ უკანასკნელი, უკიდურესად განრისხებული, შესძახებს: „ჩემს ძალას სათანადოდ ვერ აფასებ!“. იგი შეცდომას უშვებს, როდესაც ნახტომს აკეთებს და ნაპირზე ეშვება. ობი-ვანი სწორედ ამ დროს მოჰკვეთს მარცხენა ხელს და ფეხებს. ვეიდერი ეცება ნაპირზე და აცოცებას ცდილობს, თუმცა მაინც ლავისკენ ეშვება.
ვეიდერი, უმწეო და ბნელი მხარით შეპყრობილი, უკანასკნელი, მექანიკური ხელით, ამაოდ ცდილობს ობი-ვანის მიმართულებით აცოცვას. ჯედაი მწუხარებით ეუბნება, რომ იგი „რჩეული“ იყო. კენობი საბოლოოდ აღიარებს, რომ ანაკინმა დაანგრია ცხოვრება და მომავალი, გული ატკინა ყველას, ვისაც იგი უყვარდა, მათ შორის, მასაც. ვეიდერს მხოლოდ ის დარჩენია, რისხვით დაწყევლოს ყოფილი მეგობარი და მასწავლებელი. ამ დროს მას ლავა ეხება და, ალში გახვეული ვეიდერი, სასოწარკვეთილი, გაჰკივის. ობი-ვანს არ შეუძლია მისი მოკვლა ან დახმარება, ამიტომ ტოვებს და თან მიაქვს ანაკინის მახვილიც. იგი უბრუნდება ხომალდს და პლანეტას ტოვებს დროიდებთან და უგონოდ მყოფ პადმესთან ერთად.
ახალი სიცოცხლე და კვლავ დაბადება[]
დართ სიდიუსი მუსტაფარზე მეთაურ თაირთან და მის დარტყმელ კარისკაცებთან ერთად ჩადის. მათ ვეიდერი სპეციალური პოდით მიჰყავთ.
მოშორებით მდებარე ასტეროიდ პოლის-მასაზე იოდას მედიტაციისას ჩაესმის კვაი-გონ ჯინის ხმა. იგი ეუბნება, რომ არსებობს ძალასთან შეერთების გზა და სიკვდილის შემდეგ გონების შენარჩუნების საშუალება. ამ ძალის დასაუფლებლად იოდა გადაწყვიტავს, გახდეს კვაი-გონის სულის მოწაფე.
ობი-ვანი პადმესთან ერთად პოლის-მასაზე ჩადის. ამიდალას სპეციალურ სამედიცინო ოთახში ათავსებენ. მშობიარობასთან ერთად იგი კარგავს სასიცოცხლო ძალას. სამედიცინო დროიდები მას მშობიარობისას ეხმარებიან. ბეილ ორგანასთვის, ობი-ვანისთვის და იოდასთვის მოულოდნელად პადმეს ტყუპები ეყოლება, ბიჭი და გოგო. სიცოცხლის უკანასკნელ წამებში, ძალის საბოლოოდ დაკარგვამდე, ყოფილი დედოფალი და სენატორი წარმოთქვამს ბავშვების სახელებს — „ლუკს“ და „ლეიას“. უკანასკნელად ამოსუნთქვისას, იგი წარმოთქვამს, რომ ანაკინში დარჩენილია მცირე სიკეთე.
ამ დროს დიდი რესპუბლიკის სამედიცინო ნაგებობაში, კორუსანტზე, ვეიდერის აცოცხლებენ. მას უმაგრებენ ახალ ფეხებს, ახალ ხელს, მექანიკურ ფილტვებს და სხვა ნაწილებს. რესპუბლიკის ყოფილ გმირს ფარავენ შავი აბჯრით, ხოლო სახეს — ნიღბით და ჩაფხუტით. იგი, საბოლოოდ, სუნთქვას იწყებს. ტკივილგამაყუჩებლების გარეშე ვეიდერი ოპერაციისას კვნესის და ყვირის.
ოპერაციის შემდეგ მაგიდა ვერტიკალურ მდგომარეობაში გადადის. პირველი, რაზეც ვეიდერი საუბრობს, პადმეა. იმპერატორი, ცდილობს რა ახალი შეგირდი საბოლოოდ მოწყვიტოს წარსულს, ეუბნება, რომ გაგუდვისას ცოლი შემთხვევით მოკლა. იმედი ამოწურულია. ხვდება რა, რომ თავად მოკლა ადამიანი, რომლის გადარჩენა სურდა, ვეიდერი თავისუფლდება მასზე დამაგრებული დამცავებისგან და გაჰყვირის „არა!“. მისი ხმა სავსეა რისხვით, სირცხვილით და მწუხარებით. ვინაიდან იგი ძალას მიმართავს, აგრეთვე ანადგურებს ირგვლივ მყოფ დროიდებს და არსებულ ტექნიკას. სიდიუსი მას ბოროტი ღიმილით უყურებს.
ახალი იმედი[]
ნაბუზე, „ტანტივი III“-ზე, ობი-ვანი, იოდა და ბეილ ორგანა საკონფერენციო ოთახში სხედან. გადაწყდება, რომ დასაფლავებისას ისე აჩვენებენ, რომ პადმე დაღუპვისას კვლავ ფეხმძიმე იყო, რითაც დამალავენ ბავშვების არსებობის ფაქტს. უსაფრთხოების მიზნით ლუკს და ლეიას ერთმანეთს დააშორებენ, რათა მამამ არ იგრძნოს მათი არსებობა. ლეიას იშვილებენ ბეილი და მისი ცოლი, ხოლო ლუკს აღზრდიან ლარსები, ტატუინზე. ობი-ვანი და იოდა კი დაელოდებიან იმ დღეს, როდესაც და-ძმა ისტორიაში თავის როლს შეასრულებენ. ამასთან, იოდა კენობის ეუბნება, რომ ტატუინზე მას უკვდავების ტექნიკის შესწავლის საშუალებას თვით ობი-ვანი მისცემს.
ბეილ ორგანა R2-D2-ს და C-3PO-ს გადასცემს „ტანტივი III“-ის კაპიტან რეიმუს ანტილესს და უბრძანებს, პროტოკოლურ დროიდს მეხსიერება წაუშალოს.
ნაბუზე, თიდში, იმართება სამგლოვიარო ცერემონია. დასაფლავებისთვის პადმეს ცხედარი ისე მოამზადეს, რომ ფეხმძიმობის ნიშნები ჰქონოდა. მასთან ერთად მარხავენ ჯაპორის თილისმას, რომელიც ანაკინმა 13 წლით ადრე აჩუქა.
„ვენატორის“ კლასის ვარსკვლავურ ნაღმოსანზე ვეიდერი, იმპერატორი და გუბერნატორი უილჰაფ ტარკინი თვალს ადევნებენ მთვარის ზომის სადგურის მშენებლობას.
ალდერაანზე ჩვილი ბეილ ორგანას ლეია დედოფალ ბრეჰასთან მიჰყავს.
ტატუინზე ობი-ვანი ლუკს გადასცემს ახალ ოჯახს — ოუენს და მის ცოლს, ბერუს. ობი-ვანი, ამხედრებული ეოპიზე, მიემგზავრება ჯანდლენდის ვერანებისკენ. ოუენი და ბერუ, ლუკთან ერთად, უყურებენ ჰორიზონტს და მასზე ჩამავალ ორ მზეს.
შემადგენლობა[]
ტიპით
მსახიობები | გუნდი |
მსახიობები
|
გამოჩენები[]
პერსონაჟები | ორგანიზმები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი არსებები | ტრანსპორტი და გემები | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები
კანონიკური პერსონაჟები
|
|
|
ლეგენდების პერსონაჟები
|
|
|
ორგანიზმები
კანონიკური ორგანიზმები
|
ლეგენდების ორგანიზმები
|
დროიდების მოდელები
კანონიკური დროიდები
|
|
ლეგენდების დროიდები
|
|
მოვლენები
კანონიკური მოვლენები
|
|
ლეგენდების მოვლენები
|
|
ადგილები
კანონიკური ადგილები
|
|
ლეგენდების ადგილები
|
|
ორგანიზაციები და წოდებები
კანონიკური ორგანიზაციები და წოდებები
|
|
|
ლეგენდების ორგანიზაციები და წოდებები
|
|
|
გონიერი რასები
კანონიკური რასები
|
ლეგენდების რასები
|
|
|
ტრანსპორტი და გემები
კანონიკური ტრანსპორტი
|
ლეგენდების ტრანსპორტი
|
|
იარაღები და ტექნოლოგია
კანონიკური ტექნოლოგია
|
|
ლეგენდების ტექნოლოგია
|
|
|
სხვადასხვა
სხვადასხვა კანონიკური თემა
|
|
ლეგენდების სხვადასხვა თემა
|