ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები არის ანიმაციური ტელესერიალი. მისი მოვლენები მიმდინარეობს კლონთა იერიშის და სითების შურისძიების შუალედში. სერიალის ჩვენება მიმდინარეობდა 2008–2014 წლებში, ხუთი სეზონის განმავლობაში. მოკლე, მეექვსე სეზონი, გამოვიდა 2014 წელს Netflix-ზე. 2018 წლის 19 ივლისს ცნობილი გახდა, რომ დამატებითი თორმეტი ეპიზოდი გამოვიდოდა Disney-ს ნაკადოვან სერვისზე. მისი ჩვენება დაიწყო 2020 წლის 21 თებერვალს და დასრულდა 4 მაისს.
2008 წელს, სერიალის გამოსვლამდე, გამოვიდა სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი კლონთა ომები, თუმცა მანამდე, 2003—2005 წლებში გამოვიდა მსგავსი სახელწოდების სერიალი, რომლის მოვლენებს რამე კავშირი უფრო ხანგრძლივ სერიალთან არ აქვთ.
Contents
შემუშავება[edit | edit source]

(მარცხნიდან) ჯორჯ ლუკასი, დეივ ფილონი და კეთრინ უინდერი განიხილავენ სერიალს.
ჯორჯ ლუკასს კლონთა ომების შესახებ ანიმაციური სერიალის იდეა უკვე 2002 წელს დაებადა.[48] 2003—2005 წლებში Cartoon Network-ის ეთერში გადიოდა ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები, შექმნილი გენდი ტარტაკოვსკის მიერ. ახალი სერიალის ანონსმა გაიჟღერა 2005 წლის აპრილში გამართულ Celebration III-ზე. ლუკასი მას უწოდებდა "საპილოტო სერიალის 3-D გაგრძელებას".[49] ზედამხედველი რეჟისორის სახით პროექტში დეივ ფილონი ჩართეს, რომლისთვისაც ვარსკვლავური ომების წინა ანიმაციური პროექტი არახალი იყო.[50][51] თავდაპირველად მას ჩაფიქრებული ჰქონდა სერიალი, რომლის მთავარი გმირები იმოგზაურებდნენ ათასწლოვანი შავარდენის მსგავსი ხომალდით. ეკიპაჟის წევრები იქნებოდნენ კონტრაბანდისტი, მისი საყვარელი, განგანი "ლანკერი", პადავანი "აშლა" და მისი მასწავლებელი ჯედაი. კლონთა ომების ასეთი ადრეული კონფეცცია შემუშავდა ისე, რომ არსებული უწყვეტობა ხელუხლებელი დარჩებოდა, ხოლო ობი-ვან კენობისა და ენეკინ სკაიუოკერის მსგავსი ნაცნობი პერსონაჟები მხოლოდ დროდადრო გამოჩნდებოდნენ. თუმცა, ლუკასის გამოჩენისთანავე, გადაწყდა, რომ გმირები იქნებოდნენ ფილმის პერსონაჟები, რასაც დაემატებოდა ფილონის ჩანაფიქრებიც, როგორიც იყო აშლა — მოგვიანებით ქცეული ასოკა ტანოდ.[52]
2006 წლის 15 თებერვლისთვის Lucasfilm Animation უკვე მუშაობდა ანიმაციურ ტესტებსა და თავდაპირველ სცენარებზე, ხოლო ლუკასი პროცესში შემოქმედებითად დიდ როლს თამაშობდა.[2][53] გუნდი როგორც ფილმ კლონთა ომებზე, ასევე სერიალზე სამუშაოდ იყენებდა Autodesk-ის პროგრამა Maya-ს. მისი დახმარებით შემუშავდა მაღალი დეტალიზაციის მქონე სამყაროები, პერსონაჟები თუ ქმნილებები.[54] ლუკასმა და ანიმატორთა გუნდმა შექმნეს Zviz, სისტემა, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იყო კადრების წინასწარი წარმოდგენა.[55][56] სცენარზე, პერსონაჟების დიზაინსა და მხატვრობაზე მუშაობა მიმდინარეობდა ILM-ში, ხოლო ანიმაციასა და რენდერინგზე — Lucasfilm Animation Singapore-ში, ისევე, როგორც Polygon Pictures-ში, 2011—2013 წლებში.[57] როტოსკოპირების ტექნიკის სანაცვლოდ, ILM-მა მოძრაობის დაჭერის ტექნოლოგია გამოიყენა. ყოველი ეპიზოდის საბოლოო აწყობა მიმდინარეობდა Skywalker Ranch-ზე.[58] ლუკასის მონაწილეობის შედეგად შეიცვალა სცენარების დიდი ნაწილი, ვინაიდან მას სურდა პერსონაჟების უფრო ღრმა შემუშავება და მოქმედებების რაც შეიძლება მეტ ადგილზე განვითარება, რათა მაყურებლისთვის ამბავი რაც შეიძლება საინტერესო ყოფილიყო.[7] ანიმაციის სტილზე გავლენა იქონიეს 1960-იანების თოჯინურმა სერიალებმა, როგორიც იყო ჯერი ანდერსონის ქარიშხლის მომასწავებელნი,[59], ისევე, როგორც კლონთა ომების წინა სერიალის დიზაინებმა.[60] ყოველი ეპიზოდი დამოუკიდებელ ამბად იყო ჩაფიქრებული, რომელსაც წინ უსწრებდა მთხრობელის შესავალი და მორალი.[61] ამბისა და ოპერატორის ნამუშევრის მხრივ, კლონთა ომები ისე იქმნებოდა, თითქოს ეს ჩვეულებრივი მხატვრული სერიალი ყოფილიყო[2]. ყველა ეპიზოდი ფართოეკრანიანი იყო.[62] სცენარისტი ჰენრი გილროი ეპიზოდების სახელწოდებებისთვის შთაგონებას იღებდა 1930-იანების გავრცელებული ტელესერიალებიდან.[63] აგრეთვე გამოყენებული იყო ლუკასის იდეები ვარსკვლავური ომების წინა, განუხორციელებული პროექტებიდან.[48] პოლ დინიმ წარადგინა სულ მცირე, ორი ისეთი ეპიზოდის იდეა, რომელიც არ გამოიყენეს. ერთ-ერთის გმირი იყო ჯა ჯა ბინკსი, რომელიც ცდილობდა გალაქტიკური სენატის დარწმუნებას, რომ იდუმალ პლანეტაზე სიცოცხლე არსებობდა, ხოლო მეორეში ჩნდებოდა ენეკინ სკაიუოკერის და ასოკა ტანოს მიერ დაქირავებული მკვლელი ევოკი.[64]
ფილონის და გილროის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ლუკასმა ახალ ავტორებს შემოქმედებითი თავისუფლება მიანიჭა, არსებობდა უადგილო პერსონაჟები და ადგილმდებარეობები. კერძოდ, მან ითხოვა, არ გამოეყენებინათ ჰან სოლო, ჩუბაკა, ბობა ფეტი და ჯაბა დესილიჯიკ ტიურე, მაგრამ ერთ-ერთი შეხვედრისას მან უკანასკნელ ორ პერსონაჟზე გადაწყვეტილება შეცვალა. ადგილმდებარეობებზე საუბრისას ჯორჯმა ფილონის სთხოვა, არ ეჩვენებინა ფილმებში გამოჩენილი ადგილები, კორუსანტის გარდა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც მან პოზიცია დათმო.[65]
2013 წლის 11 მარტს StarWars.com-ზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც გუნდი განმარტავდა, რომ ისინი განტვირთულად მუშაობდნენ სერიალზე და ახალი ეპიზოდების აქტიური წარმოება დაასრულეს.[66] Lucasfilm Story Group-ის წევრი პაბლო ჰიდალგო ამბობდა, რომ დაუსრულებელი დარჩა 13 სიუჟეტური განვითარება.[67] სცენარისტი ბრენტ ფრიდმენის Twitter-ზე გამოქვეყნებულ გზავნილში აღნიშნული იყო, რომ დაუსრულებელი მეშვიდე და მერვე სეზონების სცენარები დაიწერა კლონთა ომების დახურვამდე.[68] ჯეიმზ არნოლდ ტეილორმა, ობი-ვან კენობის გამხმოვანებელმა, განაცხადა, რომ სერიალის დახურვამდე მსახიობებმა ჩაწერეს ხმები სულ მცირე, ორი სეზონისთვის.[69] სერიალის გაგრძელების შემთხვევაში საბოლოო ეპიზოდის მოვლენები უნდა განვითარებულიყო სითების შურისძიების დროს და შემდგომ.[70] სერიალის შეწყვეტის შემდეგ როგორც ლილან ჩის, ასევე ოფიციალური ბლოგის მიერ გამოქვეყნდა ეპიზოდების ქრონოლოგიური თანმიმდევრობა.[71][72]
გამოშვება[edit | edit source]

Celebration IV-ზე წარდგენილი სერიალის პოსტერი.
პირველი გამოსახულება სერიალიდან — იოდას პერსონაჟი — წარადგინეს Toy Fair 2007-ზე.[73] 2007 წლის 27 მაისს დეივ ფილონიმ და აღმასრულებელმა პროდიუსერმა კეთრინ უინდერმა Celebration IV-ზე გამართეს პანელი, რომელზეც წარადგინეს სერიალის პირველი რგოლი და პოსტერი. მათ აგრეთვე ისაუბრეს ორი წლის განმავლობაში კლონთა ომებზე მუშაობის პროცესის შესახებ.[74][75] მსგავსი წარდგენები მათ გამართეს Celebration Europe-ზე და WonderCon 2008-ზეც.[76][77] StarWars.com-ზე გაიხსნა განყოფილება, რომელიც მიეძღვნა სერიალს. მას მუდმივად ანახლებდნენ დაკავშირებული შიგთავსით, როგორიც იყო ახალი სტატიები, წარმოების ვიდეოჩანაწერები და პიტ ვილმერის ბლოგი.[78]
ტელევიზია[edit | edit source]
ლუკასმა სერიალი წარუდგინა სხვადასხვა არხს, მაგრამ მისი განსაკუთრებული სტილის გამო თავდაპირველად დაინტერესებული არავინ ყოფილა.[79]. მასზე უარი თქვა Fox Broadcasting-მა, ხოლო Cartoon Network თავდაპირველად ყოყმანობდა.[48] თუმცა, სულ მალე ერთმანეთს სერიალის შესაძენად რამდენიმე არხი ებრძოდა.[80] Cartoon Network-მა და TNT-მ საბოლოოდ მოიპოვეს კლონთა ომების ეთერში გაშვების შესაძლებლობა, ხოლო Warner Bros.-ს დარჩა კინოთეატრებისთვის მომზადებული სრულმეტრაჟიანი ფილმის დისტრიბუციის უფლება. Warner-ში სერიალის შემუშავებას თვალს ადევნებდნენ და ნაწყვეტების ნახვის შემდეგ გადაწყვიტეს, კინოვერსია გამოეშვათ.[81] სტიუარტ სნაიდერმა, Cartoon Network-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ სერიალით დაინტერესდა 2007 წლის მაისში კომპანიაში მოსვლისთანავე. იგი გადაფრინდა სან-ფრანცისკოში რამდენიმე ეპიზოდის საჩვენებლად და ლუკასს უთხრა, რომ სერიალის მხოლოდ Cartoon Network-ზე ხილვას ისურვებდა.[82] 2008 წლის 12 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ამავე სახელწოდების სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი გამოვიდოდა 2008 წლის 15 აგვისტოს, ხოლო შემოდგომაზე დაიწყებოდა სერიალის ჩვენება.[3][80][83] ანონსს მოჰყვა Hyperspace-ის ფანების კომპლექტის განახლება[84] და კაპიტან რექსის და ასოკა ტანოს თემატური მაისურების Hyperspace-ის წევრებისთვის შეთავაზება.[85][86]
სერიალის ჩვენება Cartoon Network-ზე დაიწყო 2008 წლის 3 ოქტომბერს, საღამოს 9 საათზე. იგი ეთერში გადიოდა ყოველი პარასკევის საღამოს[87]. იგი შედიოდა მოქმედებითი-სათავგადასავლო ნაწარმის ბლოკში, რომელშიც აგრეთვე წარმოდგენილი იყო საიდუმლო სატედეები და ბენ 10: უცხოპლანეტური ძალა. ეს იყო მცდელობა, მიეზიდათ უმცროსი თაობის წარმომადგენლები და კონკურენცია გაეწიათ Nickelodeon-ის და Disney Channel-ის მსგავსი არხებისთვის. სნაიდერი დარწმუნებული იყო, რომ სერიალები არხის რეიტინგებს გაზრდიდნენ: "ახლა ხედავთ, როგორ ვიღიმი ჩვენი შიდა შედეგების გამო", ამბობდა იგი. "შემიძლია ვთქვა, რომ მესამე კვარტლის შედეგებით შეგვიძლია, დავიკვეხნოთ".[82] კანადაში პირველი სეზონი გადიოდა CTV-ზე[88] და Teletoon-ზე. ორივე პირველი სეზონის ეპიზოდებს აგრეთვე იმეორებდა ყოველკვირეულ ბლოკში Weekday Action Force. ავსტრალიაში პირველი სეზონი გამოვიდა Channel Ten-ზე. 2011 წლის 13 აპრილს ABC3-მა გაიმეორა პირველი სეზონი, შემდგომში კი, გამოშვებასთან ერთად, ამატებდა მეორე, მესამე და მეოთხე სეზონის ეპიზოდებს. კლონთა ომები ბრიტანეთში პირველად გამოდიოდა Sky Movies Premiere-ზე და Premiere HD-ზე, ყოველ კვირას, საღამოს 5:30-ზე, ხოლო პირველი ეპიზოდი გამოვიდა 2008 წლის 25 ოქტომბერს. ისევე, როგორც Sky Movies-ს ყველა პროგრამის შემთხვევაში, 30 წუთიანი განკუთვნილი დროის პირველი 22 წუთი ეთმობოდა მთლიანად ეპიზოდს, რათა იგი რეკლამას არ შეეწყვიტა.[89][90]
ლუკასი ელოდა, რომ კლონთა ომების ჩვენება გასტანდა ოთხ ან ხუთ წელიწადს, მაგრამ, განურჩევლად შესაძლო რეიტინგებისა, აპირებდა სულ მცირე, ასი ეპიზოდის წარმოებას.[62][91][92][93][94] პირველი ოთხი სეზონიდან თითოეული შედგებოდა 22 ეპიზოდისგან, მეხუთეში შევიდა 20 ეპიზოდი, ხოლო მეექვსეში — 13. მეოთხე სეზონის 21-ე და 22-ე ეპიზოდები შესავალში შეიცავდნენ წითელი ფერის ლოგოს, განსხვავებით ყველა სხვა ეპიზოდისგან, სადაც გამოიყენებოდა ყვითელი.[95] მეხუთე სეზონის მე-10, მე-11, მე-12 და მე-13 ეპიზოდებში R2-D2-ს პატივსაცემად ლოგო ცისფერი იყო. TNT-მ გააფორმა მრავალსეზოანი კონტრაქტი, რომლის მიხედვით შეეძლო ეპიზოდების საკუთარ ეთერში განმეორებით გაშვება[96][97], თუმცა, საბოლოოდ, მათი მხოლოდ მცირე რაოდენობა გაუშვა.[98] განმეორებითი ჩვენება დაიწყო 2012 წლის შემოდგომაზე, მეხუთე სეზონის გამოსვლის პარალელურად.[99]
დახურვის შემდგომ[edit | edit source]
შეკვეცილი, მეექვსე სეზონი, წარუმატებელი მისიები, აშშ-ში გამოვიდა Netflix-ზე, ხოლო გერმანიაში — Super RTL-ზე.[4][100] (Netflix-ზე გასული ეპიზოდები წარმოადგენდნენ კონტრაქტის ნაწილს, რომლის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმის და პირველი ხუთი სეზონის გამოშვება.[4]) ამასთან, Cartoon Network დროდადრო აჩვენებდა მეექვსე სეზონის ეპიზოდებსაც. დამატებითი ეპიზოდები გამოვიდა როგორც მემკვიდრეობა, პროექტი, რომელშიც შედიოდა კომიქსი ვარსკვლავური ომები: დართ მოლი — დათომირის ძე, რომანი ბნელი მიმდევარი და დაუსრულებელი ეპიზოდები, გამოქვეყნებული StarWars.com-ზე.[101]
ერთგულ მოყვარულებს შორის სერიალმა უდიდესი წარმატება შეინარჩუნა. ისინი დროდადრო ითხოვდნენ კლონთა ომების აღდგენას, მიმართავდნენ რა სოციალურ ქსელებში ჰეშტეგ #SaveTheCloneWars-ის გამოყენებას. 2018 წლის San Diego Comic-Con-ზე დეივ ფილონიმ გამართა სადისკუსიო პანელი, რომელზეც აღინიშნა სერიალის ათწლიანი იუბილე. მის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ უკანასკნელი ეპიზოდები გამოვიდოდა Disney+-ზე, 2020 წელს. შემქმნელმა ახსენა მოყვარულთა უდიდესი მხარდაჭერა, რამაც Disney-ს გადააწყვეტინა, აღედგინა სერიალი.[5] საბოლოო სეზონის დასრულების აღსანიშნავად, სერიალის გამხმოვანებლები გამოჩნდნენ D23-ის პირდაპირ ეთერში, 2020 წლის 8 მაისს.[102]
ნაწარმი[edit | edit source]
2007 წლის ივნისში სიუ როსტონიმ პირველად ახსენა, რომ შესაძლო იყო სერიალის მიხედვით ბეჭდვითი ნაწარმის გამოცემა, თუმცა ვრცელი საუბარი ამის შესახებ არ ყოფილა.[103] რობ კოლმენმა ახსენა, რომ ლიცენზიის მფლობელებს სერიალის პირველი ნაწყვეტების ნახვისას დადებითი გამოხმაურება ჰქონდათ.[58][104] ეპიზოდების ჩვენების პარალელურად გამოდიოდა ხუთი სხვადასხვა წიგნი. პირველი იყო კერენ ტრეივისის ფილმის რომანის სახით ადაპტაცია, ხოლო შემდგომი ოთხი წიგნი შეიცავდა თავად ეპიზოდების ადაპტაციებს. შემდეგი იყო კერენ მილერის კლონთა ომები: ველური სივრცე, ხოლო ტრეივისმა დაწერა დანარჩენი სამი — კლონთა ომები: ტყვეების გარეშე, კლონთა ომების გამბიტი: ეშმაკობა და კლონთა ომების გამბიტი: ალყა. სერიალის ვიზუალურ სტილზე აგებულ 12 თავისგან შემდგარ კომიქსების სერიას გამოსცემდა Dark Horse Comics. იგი აგრეთვე გამოსცემდა გრაფიკული რომანების სერიას. ერთ-ერთი მათგანი გამოჩნდა უფასო კომიქსების დღეს.[105] სერიალის პირველი სეზონის ეთერში გასვლის პარალელურად StarWars.com-ზე ქვეყნდებოდა ყოველკვირეული ვებკომიქსი. აგრეთვე აქტიური იყო HoloNet News-ის პოდკასტი, რომლის ეპიზოდები iTunes-ზე ეთერში გასვლიდან მეორე დღეს ქვეყნდებოდა, ისევე, როგორც StarWars.com-სა და CartoonNetwork.com-ზე — ერთი კვირის შემდეგ.[106] LucasArts-მა გამოუშვა სამი ვიდეოთამაში: Star Wars: The Clone Wars: Jedi Alliance (Nintendo DS), Star Wars: The Clone Wars: Lightsaber Duels (Nintendo Wii) და Star Wars: The Clone Wars: Republic Heroes (სხვადასხვა კონსოლისთვის). Hasbro-მ სერიალის ყველა სეზონის განმავლობაში უშვებდა დაკავშირებულ სათამაშო ფიგურებს.[107] თავდაპირველად ინფორმაციამ ამ სერიის გამოშვების შესახებ გაჟონა სერტიფიკატის სახით, რომელსაც ახლდა სერიის ლოგო და ერთ-ერთი პერსონაჟის (სავარაუდოდ, კიტ ფისტოს) ფიგურის ნიმუში.[108] 2008—2010 წლებში Lucasfilm-ის მხარდაჭერით აშშ-ის დიდ ქალაქებში იმართებოდა კლონთა ომებთან დაკავშირებული თემატური გამოფენები.[109][110][111][112] Cartoon Network-ის სერიალ შეშლილის 2010 წლის, პირველი სეზონის მეორე ეპიზოდში აჩვენეს კლონთა ომების პაროდია.
კლონთა ომების პერსონაჟები დაემატა თამაშ Star Wars Battlefront II-ის DLC-გაფართოებას.[113][114][115] Hasbro-მ აგრეთვე გამოუშვა კლონთა ომების ახალი სათამაშოები.[116]
ვიდეოგამოცემები[edit | edit source]
სერიალის ყოველი სეზონი გამოიცა DVD-სა და Blu-ray-ზე. ესენია:
- ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები: სრული პირველი სეზონი
- ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები: სრული მეორე სეზონი
- ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები: სრული მესამე სეზონი
- ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები: სრული მეოთხე სეზონი
- ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები: სრული მეხუთე სეზონი
- ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები: წარუმატებელი მისიები
პირველი ხუთი სეზონის საკოლექციო გამოცემა გამოვიდა 2013 წელს.[117]
ცალკეული კრებულების სახით გაყიდვაში გამოვიდა სამი გამოცემა: ჯილდოზე მონადირეები, კლონი კომანდოსები და დართ მოლის დაბრუნება. სრულმეტრაჟიანი ფილმის ხანგრძლივობის "ღამის დების" სიუჟეტის ცალკეული გამოცემა გამოვიდა მხოლოდ iTunes-ისთვის.
2010—2012 წლებში Walmart-ის ქსელში იყიდებოდა ექსკლუზიური DVD-ები, სათამაშო ფიგურების თანხლებით. ყოველ DVD-ზე წარმოდგენილი იყო სერიალის თითო ეპიზოდი, ისევე, როგორც შესაბამისი სეზონის DVD-გამოცემის რგოლი.[118][119][120][121] Target-ის ქსელში ასევე იყიდებოდა ექსკლუზიური DVD, "მძევლების კრიზისის" და "ფარული მტრის" პერსონაჟების სათამაშო ფიგურებით.[122]
შეფასება[edit | edit source]
Cartoon Network-მა კრიტიკოსებს 2008 წლის TCA-ს ტურის ფარგლებში უჩვენა სერიალის ეპიზოდი. მათი შეფასებები ძირითადად დადებითი იყო.[123] სერიალის ჩვენება დაიწყო 2008 წლის 3 ოქტომბერს, ეპიზოდით ჩასაფრება, რომელიც 3.96 მილიონმა მაყურებელმა იხილა[124]. აღნიშნული ეპიზოდი არხის ისტორიის საპრემიერო ჩვენებების ისტორიაში ნახვების რაოდენობით ყველაზე წარმატებული იყო.[125] მეორე სეზონის ჩვენება დაიწყო 2009 წლის 2 ოქტომბერს, ეპიზოდებით ჰოლოკრონის ქურდობა და დამღუპველი ტვირთი, რომელთა მაყურებელთა რაოდენობამ 2.58 მილიონი შეადგინა.[126] 2008 წელს IGN-მა კლონთა ომები დაასახელა 89-ე ადგილზე (100-დან) ყველა დროის უდიდეს ანიმაციურ სერიალებს შორის.[127] მასთან შედარებით, გენდი ტარტაკოვსკის კლონთა ომებმა 100-დან 21-ე ადგილი მიიღეს.[128] პირველი სეზონის ეპიზოდ გრივუსის ბუნაგს მიენიჭა ოქროს კოჭის ჯილდო სატელევიზიო ანიმაციაში ხმის საუკეთესო მონტაჟისთვის.[129] კლონთა ომები ნომინირებული იყო 2009 წლის Saturn-ის ჯილდოზე როგორც საუკეთესო საკაბელო ტელესერიალი.[130] Emmy-ს დღის ეთერის მე-40 დაჯილდოებაზე, 2013 წლის 16 ივნისს, მან მიიღო ორი ჯილდო. დეივიდ ტენანტმა, რომელმაც მეხუთე სეზონში, ეპიზოდებში ძალის გამოცდა და აუცილებელი კავშირი გაახმოვანა პროფესორი ჰუიანგი, მიიღო ანიმაციურ გადაცემაში გამორჩეული მსახიობის ჯილდო, თავად სერიალმა კი — სპეციალური კლასის გამორჩეული ანიმაციური პროგრამის ჯილდო.[131] 2014 წელს სერიალი აგრეთვე ნომინირებული იყო დღის ეთერის ოთხ Emmy-ზე[132][133] და ორივე მიიღო.[134]
უწყვეტობა[edit | edit source]
სერიალის ავტორები თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ პასუხისმგებლობით მიუდგნენ კლონთა ომების გაფართოებულ სამყაროსთან თანხმობას. დეივ ფილონი თავად კარგად ერკვეოდა ძველ მასალებში (თუმცა, ლუკასს სიუჟეტის განვითარებისთვის მცირე ცვლილებების შეტანის უფლება ჰქონდა და სერიალის გუნდს მთავარი პერსონაჟების შესახებ რჩევებს აძლევდა).[2] Lucasfilm-მა TV Guide-თან საუბარში ახსენა, რომ კლონთა ომები მანამდე გამოსულ ტარტაკოვსკის სერიალს კი არ ჩაანაცვლებდა, არამედ განავრცობდა.[96] Dark Horse Comics-ის რედაქტორი რენდი სტრედლი ამბობდა, რომ Lucasfilm Animation-ს შეხვდა, რათა განეხილა სერიალის შეთავსება დაკავშირებულ კომიქსებთან.[135] თუმცა, როგორც სრულმეტრაჟიანი ფილმი, ასევე სერიალი შეიცავენ უამრავ, წინა სერიალთან შეუთავსებელ ელემენტს, რომელთა ნაწილი აგრეთვე ეწინააღმდეგება სხვა გამოცემულ მასალებს. მათ შესახებ ლილანდ ჩისგან არასოდეს გაჟღერებულა.[136] წინა სერიალთან შეუთავსებლობის რამდენიმე ნათელი მაგალითი ასეთია:
- 2009 წლის 8 აგვისტოს რესპუბლიკის კომანდოსის ავტორმა კერენ ტრეივისმა განაცხადა, რომ ფრენჩაიზს ტოვებდა, ვინაიდან წიგნი ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები: მხატვრობა შეიცავდა აშკარა უთანხმოებებს არსებულ უწყვეტობასთან[137]. ეს გამოიხატებოდა მანდალორელებთან დაკავშირებულ ინფორმაციაში, რომელიც მწერლის რომანებს არ შეესაბამებოდა. სავარაუდოდ, საუბარი იყო ეპიზოდების ტრილოგიაზე, რომელშიც შედის მანდალორული შეთქმულება, მაცდუნებელი მოგზაურობა და მანდალორის ჰერცოგინია. ამ სიუჟეტურ განვითარებაში მანდალორელთა ფრაქცია წარმოდგენილია როგორც მშვიდობისმოყვარე საზოგადოება, მცხოვრები არკოლოგიურ გარემოში, რადიოაქტიური უდაბნოს ფონზე, რაც არ შეესაბამება მანამდე არსებულ ვარიანტებს,[138] 2014 წლის 25 აპრილამდე (როდესაც მოხდა კანონის რეორგანიზაცია) ლილან ჩი[139] და სიუ როსტონი აცხადებდნენ, რომ ეს გაუგებრობები საბოლოოდ, შესწორდებოდა.[140] პლანეტის ორი გამოჩენა განიმარტა წიგნებში ძირითადი ატლასი და ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები: ფრონტის ახალი ხაზები: ვიზუალური ცნობარი. უკანასკნელში ნახსენებია, რომ ეპიზოდებში ნაჩვენები დიდი, თეთრი ქვიშით დაფარული უდაბნო არის მანდალორის ლანდშაფტის მხოლოდ ერთი ნაწილი.
- Eta-2-ის გამოჩენას დროის იმავე მონაკვეთში, როდესაც ენეკინი რაინდი ხდება[141] ფილონის სერიალში ზეციური ფერიის კლასის მსუბუქი გზაგადამჭრელ დელტა-7-ის შემოყვანა ენაცვლება. სინამდვილეში, ეს უკანასკნელი კანონის მიხედვით უფრო ადრე გამოიყენებოდა, ვიდრე გვიანდელი თაობის Eta-2-ები. ამასთან, რეტკონის სახით წარმოდგენილია ელემენტები G-კანონის ნამუშევრებიდან, როგორიც არის სითების შურისძიების რომანის სახით ადაპტაცია. მაგალითად, რომანში ენეკინი აღნიშნავს, რომ გრივუსის IG-100-ებზე მხოლოდ სადაზვერვო მოხსენებიდან აქვს გაგონილი, თუმცა მათ სერიალში ებრძვის.[142] უწყვეტობაში არსებული კიდევ ერთი აღსანიშნავი შეცდომაა ენეკინის ნაიარევი, რომელიც დარჩა ასაჟ ვენტრესისგან, რენდილის ბრძოლის შემდეგ. მან ისე მძიმედ დაჭრა ვენტრესი, რომ უკანასკნელი ძალების აღსადგენად გაუჩინარდა ბოზ-პიტის ბრძოლამდე, შემდეგ კი, საბოლოოდ დატოვა სეპარატისტებიც და საომარი ველები. თუმცა, თავდაპირველად სკაიუოკერმა ნაიარევი მიიღო იავინის ბრძოლამდე 20 წლით ადრე, ხოლო ფილონის სერიალი იწყება 22 წელს.
- 2003 წელს გამოცემულ ენციკლოპედიაში ვარსკვლავური ომები: კლონთა იერიში: სამყაროები მითითებულია, რომ ოსტატი ჯედაი ით კოთი დაიღუპა ჯეონოსის პირველი ბრძოლისას, როდესაც მტრის ძალებმა მისი შვეულმფრენი ჩამოაგდეს. თუმცა, ახალ სერიალში იგი დააბრუნეს. ომში მისი მონაწილეობა ნახსენებია 2008 წლის რომანში კლონთა ომები: ველური სივრცე, მოგვიანებით კი პერსონაჟი ჩნდება გრივუსის ინტრიგაში" და მის შემდგომ ორ ეპიზოდში.
- მესამე სეზონში რამდენიმე მთავარი გმირის გარეგნობა შეიცვალა. ასოკა ტანოს ასაკი მოემატა. ენეკინი და ობი-ვანი დაამსგავსეს მათ სითების შურისძიების წარმოდგენილ ვერსიებს.[143]
- მესამე სეზონის ეპიზოდში ციტადელიდან გადარჩენა ოსტატი ჯედაი ივენ პიელი დაიღუპა ომის მეორე წლის მსვლელობისას მისიის შესრულებისას. მაიკლ რივზის 2008 წლის რომანში კორუსანტის ღამეები I: ჯედაების ბინდი იგი დაიღუპა მხოლოდ ჯედაების დიდი წმენდისას, კორუსანტზე, იავინის ბრძოლამდე 19 წლით ადრე.
- StarWars.com-ზე პირველად გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ დართ მოლი გადარჩა ნაბუს ბრძოლის შემდეგ და გამოჩნდებოდა სერიალის მეოთხე სეზონში.[144] ეპიზოდიდან ძმები აღმოჩნდა, რომ ყოფილი სითი წლების განმავლობაში მცირე ლოთოზე ცხოვრობდა.
- მეხუთე სეზონის პირველ ეპიზოდ აღორძინებაში ნაჩვენებია ოსტატ ჯედაი ადი გალიას მოკვლა სავაჟ ოპრესის მიერ — ფლორუმზე შეტაკებისას — თუმცა, კომიქსში აკვიატება 5 იგი გრივუსმა ბოზ-პიტის ბრძოლისას უკვე მოკლა.
- მეხუთე სეზონის საბოლოო ეპიზოდი სხვა ჯედაი აღწერს, თუ როგორ მოექცა ბარის ოფი ძალის ბნელ მხარეს და როგორ მოაწყო ჯედაების ტაძრის დაბომბვა, ასოკა ტანოს დადანაშაულება და მისი გასამართლება. ენეკინმა დაადგინა სიმართლე და ოფი დააპატიმრეს, შემდეგ კი ციხეში გადაიყვანეს. თუმცა, ყოველდღიური სტრიპების სერიაში იღბალის შებრუნება და ფელუციის შესახებ Databank-ში წარმოდგენილ გვერდზე მითითებული იყო, რომ ოფი კლონთა ომების მიწურულს ფელუციაზე, ბრძანება 66-ის ამოქმედებისას მოკლეს. თავის მხრივ, ეს არ არის აცდენა სითების შურისძიებისთვის დაგეგმილი მისი სცენისგან, სადაც, ჩანაფიქრის თანახმად, აგრეთვე უნდა ეჩვენებინათ ლუმინარა ანდულის და შააკ ტის მოკვლა. ორივე აღნიშნული ჯედაის სცენები ფილმში არ შესულა.[145] ვინაიდან ნაჩვენებია, რომ ოფი კვლავ ჯედაების ორდენში მსახურობდა, გაფართოებული სამყაროს შემთხვევაში ითვლებოდა, რომ იგი მასში უცნობი მიზეზით დატოვეს. მეტიც, ჩაფიქრებული იყო, რომ ოფი თავს მოიკლავდა, რაც ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა მის კლონთა ომების შემდეგ გამოჩენას, მაგრამ დეივ ფილონიმ სცენა ამოჭრა, ვინაიდან პერსონაჟთან დაკავშირებით გეგმები ჰქონდა, რაც, საბოლოოდ, სერიალის დახურვის გამო, ვერ განახორციელა.[70]
- სერიალის კვლავ გაგრძელების შემთხვევაში მეშვიდე სეზონში დაგეგმილი იყო მოლის წარმოშობის განხილვა. მართალია, ეპიზოდები დაუსრულებელი დარჩა, სცენარები გამოიყენეს Dark Horse Comics-ის კომიქსების სერიაში ვარსკვლავური ომები: დართ მოლი — დათომირის ძე, საიდანაც მკითხველმა შეიტყო, რომ ტელზინი იყო მოლის და სავაჟის დედა. მაგრამ რომანში დართ პლეგასი უკვე ნახსენები იყო, რომ მოლის დედა ღამის და კაისინა იყო, ხოლო მოთხრობიდან თავდაჭერილობა ირკვევა, რომ იგი ოპრესის დედაც იყო.
- სერიალის ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელიც წარმოებაში არ მოხვედრილა, ეხებოდა იუჟან-ვონგების გამოჩენას. ეს რასა შორეული გალაქტიკიდან პირველად ნახსენებია Del Rey-ს 1999—2003 წლების რომანების სერიაში ვარსკვლავური ომები: ჯედაების ახალი ორდენი. პაბლო ჰიდალგოს თანახმად, ეპიზოდში არ იყო დაგეგმილი იუჟან-ვონგების წარმოშობის განმარტება, თუმცა, ხაზი უნდა გაესვათ, რომ ისინი უბრალოდ სხვა გალაქტიკიდან მოფრინდნენ, როგორც ნათქვამია რომანში ჯედაების ახალი ორდენი: ძირითადი ვექტორი.[146] თუმცა, კვლავ ჰიდალგოს თქმით, ჯორჯ ლუკასის წარმოდგენაში, იუჟან-ვონგები ვერ იქნებოდნენ ძალისგან მოწყვეტილები.[147] ეს ნიშნავს, რომ ლუკასის ხედვა ეწინააღმდეგებოდა გაფართოებულ სამყაროს, სადაც იუჟან-ვონგების უპირატესობა სწორედ რომ ძალასთან კავშირის არარსებობაში იყო (თუმცა მათზე მოქმედებდნენ ძალის ელვა და ძალის ბადე) — ეს კარგად ჩანს რომანიდან ჯედაების ახალი ორდენი: გამარჯვების ზღვარი I: დაპყრობა.
- ჯეიმი კინგის მეუღლე კაილ ნიუმანის თქმით, მეექვსე სეზონისთვის დაგეგმილი იყო მთელი რიგი დაუსრულებელი ეპიზოდებისა, მათ შორის — ორა სინგის მოკვლაზე.[148] ასეთი განვითარების კანონიზაციის შემთხვევაში იქმნებოდა უთანხმოება გაფართოებულ სამყაროსთან, სადაც სინგი ცოცხალი იყო გალაქტიკური სამოქალაქო ომის და ახალი რესპუბლიკის დროს — ეს აშკარად ჩანს რომანებიდან კორუსანტის ღამეები II: ჩრდილების ქუჩა და ძალის მემკვიდრეობა: ქარიშხალი, ისევე, როგორც თამაშიდან Star Wars: Demolition. სინგის აღსასრული საბოლოოდ ნახსენებია ანთოლოგიური სერიის ფილმში სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი, საიდანაც ირკვევა, რომ ჯილდოზე მონადირის მკვლელი ტობიას ბეკეტი იყო.
ფილონი ემხრობოდა უწყვეტობაში არსებულ სხვადასხვაობებს: აშკარა კავშირი Cartoon Network-ის მიკროსერიალს და ჩვენს სერიალს შორის არ არსებობს. პირადად მე, როგორც ფანი, არ ვფიქრობ, რომ ეს უარყოფს რომელიმე სხვა მასალა, უბრალოდ სხვა მასალა იწყება სხვის მიერ დანახულით, ომის სხვა კუთხით წარმოდგენით. ეს ყველა მხრივ მუდმივი გაფართოების მდგომარეობაში მყოფი სამყაროა.[149] Celebration IV-ზე გამოსვლისას ფილონიმ წარმოადგინა მთელი რიგი სლაიდების, საიდანაც აშკარა იყო, რომ პერსონაჟების ფიგურების დიზაინი ოდნავ ახლოს იყო ტარტაკოვსკის ვერსიებთან, თუმცა ფილმებსაც ეფუძნებოდა. ამასთან, დეივმა განმარტა, რომ სერიალის ელემენტების რიგი მანამდე არსებული უწყვეტობისგან აცდენილი იქნებოდა.[150] 2003 წლის სერიალთან შედარებით ობი-ვანი გენერლის ჯავშანს არ ატარებს, გრივუსი კორუსანტის ბრძოლამდე უკვე ახველებს,[150] ხოლო ჯედაების საბრძოლო სტილები ფილმის ვერსიებთან ახლოს არის და არა ისეთი გროტესკულია, როგორც ტარტაკოვსკისთან.[2]
Holocron-ის უწყვეტობის მონაცემთა ბაზაში ფილონის კლონთა ომები შედიოდა T-კანონში.[151][152] 2014 წლის 25 აპრილს ცნობილი გახდა, რომ გაფართოებული სამყარო ვარსკვლავური ომების ლეგენდების სტატუსს შეიძენდა, ხოლო კანონიკურობას შეინარჩუნებდნენ მხოლოდ ორიგინალური და წინაისტორიის ტრილოგიის ფილმები და ფილონის სერიალი. ამრიგად, გაურკვევლობას, წარმოშობილს ორ სერიალს შორის არსებული განსხვავებების გამო, წერტილი დაესვა. ამასთან, რომანები, დაფუძნებული ფილონის სერიალზე, არ შედის კანონში, ისევე, როგორც ვიდეოთამაშები თუ კომიქსები — გამონაკლისია მემკვიდრეობის მასალა და სხვა დაკავშირებული პროექტები, რომლებიც განკუთვნილი იყო სერიალისთვის, სანამ იგი დაიხურებოდა.[153][154] სერიალზე დაფუძნებული მთელი რიგი ენციკლოპედიები, როგორიც არის ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები: პერსონაჟების ენციკლოპედია, ასევე ლეგენდებში შედის, კანონთან შეუსაბამო ინფორმაციის შემცველობის გამო.
შემადგენლობა[edit | edit source]
ტიპით
მსახიობები | გუნდი |
მსახიობები
სეზონები[edit | edit source]
იხილეთ აგრეთვე: კლონთა ომები: მემკვიდრეობა
სეზონები | ეპიზოდები | პირველად ეთერში | უკანასკნელად ეთერში |
---|---|---|---|
ჯილდოზე მონადირეთა აღზევება |
|||
საიდუმლოებათა გამოაშკარავება |
|||
ფრონტის ხაზები |
|||
წარუმატებელი მისიები |
15 თებერვალი, 2014 (გერმანია)[100] 7 მარტი, 2014 (აშშ და კანადა)[4] |
(გერმანია)[100] | |
საბოლოო სეზონი |
მუსიკა[edit | edit source]
ბიბლიოგრაფია[edit | edit source]
შენიშვნები და სქოლიო[edit | edit source]
ბმულები[edit | edit source]
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები StarWars.com-ზე (შენახული ვერსიის ბმული)
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები (@StarWarsTheCloneWars) Facebook-ზე
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები Internet Movie Database-ში (არქივის ბმული)