- „მთელი გალაქტიკა მაქვს მოვლილი და ბევრი უცნაური რამ მინახავს.“
- ―ჰან სოლო
ჰან სოლო, უბრალოდ ჰანი (სანამ მას გვარს მიანიჭებდა იმპერიელი გაწვევის ოფიცერი) ან კადეტი 124-329, იყო კონტრაბანდისტი მამაკაცი. იგი იქცა რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის ერთ-ერთ მეთაურად და გალაქტიკური სამოქალაქო ომის დროს იმპერიის დამარცხებაში ერთ-ერთ წამყვან ფიგურად. ჰანმა, რომელიც წარმოშობით პლანეტა კორელიიდან იყო, „ათასწლოვანი შავარდენით“ კესელის რეისი თორმეტ პარსეკში გადალახა. შემდგომ წლებში მუშაობდა ჰატ ჯაბასთან. მისი საუკეთესო მეგობარი იყო ვუკი ჩუბაკა, ცნობილი მეტოქე — ლენდო კალრისიანი, ხოლო ცოლი — პრინცესა ლეია ორგანა, რაინდ ჯედაი ლუკ სკაიუოკერის და.
ჯაბასთან სოლოს უთანხმოება შეემთხვა, როდესაც სუნელის ერთ-ერთი პარტია იმპერიასთან უთანხმოების თავიდან აცილების მიზნით დანიშნულების ადგილამდე არ ჩაიტანა. შედეგად, კრიმინალურ ბოსთან დიდი ფულადი თანხის ვალი დაუგროვდა. ყოველივე თითქოს შეიცვალა, როდესაც ლუკ სკაიუოკერმა, ობი-ვან კენობიმ და დროიდებმა, R2-D2-მა და C-3PO-მ, მიმართეს ალდერაანზე მათი გადაყვანის მიზნით და სანაცვლოდ დიდი თანხა შესთავაზეს. მართალია, ვალის გასტუმრების საშუალება გაუჩნდა, კონტრაბანდისტი მოუდლოენლად აღმოჩნდა იმპერიის წინააღმდეგ აჯანყების მხარეს და, მას შემდეგ, რაც ლეია ორგანას სიკვდილის ვარსკვლავიდან გაქცევაში დაეხმარა, მცირე დროით ჩაება იავინის ბრძოლაში და ლუკს საშუალება მისცა, გაენადგურებინა სუპერიარაღი. აჯანყებასთან ერთად იგი რამდენიმე წლის განმავლობაში იბრძოდა, მონაწილეობდა იმპერიის წინააღმდეგ მრავალ ოპერაციაში და სხვა ბრძოლებში, ამასობაში კი ლეია შეუყვარდა.
ჰოთის ბრძოლის შემდეგ იგი ორგანასთან, ჩუბაკასთან და C-3PO-სთან ერთად იმალებოდა ღრუბლების ქალაქში, რომელსაც მისი ძველი მეგობარი, ლენდო კალრისიანი მართავდა. იქ მეგობრები დაიჭირა სითმა ლორდმა, დართ ვეიდერმა, რომელიც ლუკის ქალაქში შეტყუებას ცდილობდა და კალრისიანს ემუქრებოდა. სოლო კარბონიტში გაყინეს და იგი ტატუინზე, ჯაბას სასახლეში, გადაიყვანა ჯილდოზე მონადირე ბობა ფეტმა. თვეების განმავლობაში იქ დარჩენილი სოლო მეგობრებმა, საბოლოოდ, გადაარჩინეს. ალიანსის ფლოტის რიგებში დაბრუნების შემდეგ გახდა გენერალი და ხელმძღვანელობდა მეკვლეების რაზმს, რომელიც ენდორის ბრძოლაში მონაწილეობდა. ენდორზე მან, რაზმთან, ორგანასთან და ჩუბაკასთან ერთად, ევოკების დახმარებით, მწყობრიდან გამოიყვანა მეორე სიკვდილის ვარსკვლავის ფარის გენერატორი. მათი დახმარებით ალიანსის ფლოტმა ეს სუპერიარაღიც გაანადგურა.
ენდორის ბრძოლის შემდეგ (რომლის დროს დაიღუპნენ იმპერატორი შივ პალპატინიც და დართ ვეიდერიც) აჯანყებამ დააარსა ახალი რესპუბლიკა. თავდაპირველად სოლო იმპერიის ნამსხვრევების წინააღმდეგ მეკვლეებთან ერთად იბრძოდა. მან ლეიასთან იქორწინა და შეეძინა შვილი, ბენი. ძალის ბნელ მხარესთან ბიჭუნას ხანგრძლივი ჭიდილი ჰქონდა — ისევე, როგორც დედა და ბიძა, ბენი ძალისადმი მგრძნობიარე იყო, ამიტომ ლეიამ იგი საწვრთნელად ძმასთან გააგზავნა. სნოუკმა, პირველი ორდენის უზენაესმა მეთაურმა, ის ბნელ მხარეს მიიქცია. ბენი გახდა კაილო რენი და ლუკის მცდელობა, აღედგინა ჯედაების ორდენი, დასრულდა მისი ჯედაების ტაძრის დანგრევით.
დაკარგა რა ვაჟი, სოლო დაუბრუნდა კონტრაბანდულ საქმიანობას და „ათასწლოვანი შავარდენიც“ დაკარგა. კონტრაბანდისტის კარიერა გაგრძელდა, სანამ ჰანი შეხვდებოდა ჯართის შემგროვებელ რეის და პირველი ორდენის შტორმტრუპერთა რიგებიდან გაქცეულ ფინს. მათ დროიდ BB-8-ს შენახული ჰქონდა სკაიუოკერის ადგილსამყოფელის რუკის ნაწილი — ეს იყო მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ლეიასთვის უნდა მიეწოდებინათ. ამრიგად, რეის და ფინის მიერ ნაპოვნი „შავარდენით“, სოლო დაუბრუნდა ცოლს, რომლის წინააღმდეგობა პირველ ორდენს ებრძოდა. ჰანი სხვებთან ერთად გაემგზავრა ბაზა „სტარკილერზე“, სადაც მონაწილეობდა ახალი სუპერიარაღის განადგურებაში. ბრძოლის დროს მან დაინახა შვილი და მას შინ დაბრუნებას სთხოვდა, ვინაიდან შთაგონებული იყო ლეიას სიტყვებით, რომლებიც, თავის მხრივ, დამყარებული იყო ლუკის მიერ მამის ბნელი მხარიდან მობრუნების შემთხვევაზე და იმ იმედზე, რომ იგივე მოხდებოდა ბენის შემთხვევაშიც. პასუხად რენმა მამა საკუთარი სინათლის მახვილი შეარჭო და სასიკვდილოდ დაჭრილი სოლო „სტარკილერის“ შახტში ჩავარდა.
ერთი წლის შემდეგ ჰანი შვილს ხილვაში ეწვია და საბოლოოდ დაითანხმა, დაეტოვებინა ბნელი მხარე და გაენადგურებინა გაცოცხლებული იმპერატორი პალპატინი.